თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საქმე, რომელიც ეხება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის — ზვიად ნაზღაიძისათვის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის მართლზომიერების საკითხს, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საუბარია ნაკვეთზე, რომელიც 2015 წელს თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. ნაზღაიძემ მერიისაგან დაახლოებით 1 მილიონი ლარი უნდა მიიღოს. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიის გადაწყვეტილება უკანონოდ ჩათვალეს და სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანეს.
„სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკრებულოს 23.12.16 წლის N419 განკარგულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იყო დარღვეული", — ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
2016 წლის დეკემბერში, თბილისის საკრებულოს განკარგულებით, თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძეზე კომპენსაციის სახით 5000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადააფორმა, რომლის ღირებულება 515 460 ლარია. ნაკვეთი საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს.
გარდა ამისა, თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 129 308 ლარი და 42 823 აშშ დოლარი. ქალაქის ხელისუფლება დამატებით 220 000 ლარის გადარიცხვასაც აპირებს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერეს ხეობაში მდებარე ნაკვეთის რეალური ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზვიად ნაზღაიძემ უნდა მიიღოს. დოკუმენტების თანახმად, 2013 წლიდან 2016 წლამდე ნაკვეთის მფლობელი "საქართველოს ბანკი" იყო. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, წყალდიდობამდე ნაკვეთის ღირებულება 971000 ლარს შეადგენდა, წყალდიდობის შემდეგ კი — 23000 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძე თავის დროზე "რუსთავი 2"-ის მისი ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის საქმეს იხილავდა. 2016 წლის ივნისში სასამართლო კოლეგიამ, ნაზღაიძის თავმჯდომარეობით, გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა, რასაც ოპოზიციამ და ტელეკომპანიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ხელისუფლების შეკვეთის შესრულება უწოდა.
"რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ნაზღაიძეს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის ამგვარად, დაახლოებით ერთი მილიონი ლარით "გადაუხადა მადლობა". ამჟამად "რუსთავი 2"-ის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია გადაცემული.