ქალბატონი ფიქრია დღეს ჯანმრთელად გრძნობს თავს და თვლის, რომ ეს მისი ყვავილების დამსახურებაა. საღამოს უკვე დაგეგმილი აქვს რით დაიწყებს დილას, რომელ ყვავილს გამოუცვლის მიწას, რომელს მიაწვდის წყალს, თუ საკვებს და ა.შ. მისი დილა კი ისევ ყვავილებთან და ფინჯან ყავასთან ერთად იწყება.
— პროფესიით ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ვარ. ამჟამად პენსიონერი გახლავართ. 25 წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა. არასოდეს მეზარებოდა დედაჩემის ყვავილების მოვლა. დედასაც ძალიან უყვარდა ყვავილები. მამა აგრონომი იყო და სოხუმის ცენტრში გვქონდა ძალიან ლამაზი ეზო, ციტრუსების ბაღი, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა პორტი… ბედისწერამ თელავში მომახვედრა. აქ შევქმენი ოჯახი და მყავს ორი შვილი. ვასილი ექიმია, ხოლო მარიამი ენათმეცნიერი. ორივე ამერიკაში მოღვაწეობს თავისი პროფესიით. თელავში მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს პატარა 50 კვ.მ სათბური, სადაც 300-მდე ჯიშის ოთახის მცენარეს ვუვლით და ვახარებთ. თითქმის 18 წელია ჩემი საქმიანობა მეორე პროფესიად მექცა. ყვავილებთან ურთიერთობამ მრავალი მეგობარი შემძინა და ცხოვრება პენსიონერის ასაკისთვის უფრო მშვენიერი გახადა. მე და ჩემი მეუღლე მთელი დღე ვფუსფუსებთ ჩემს პატარა ეზოში და მრავალ მნახველს ვღებულობთ. რა თქმა უნდა პატარა შემოსავალსაც გვაძლევს.
-რა როლი აქვთ ყვავილებს თქვენს ცხოვრებაში?
— ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მძიმე პერიოდები, მაგრამ ყვავილებთან ურთიერთობა ყოველთვის მეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ეკონომიურად. მახსოვს 90-იან წლებში, როცა ჩემი, როგორც პედაგოგის ხელფასი 19 ლარი იყო და მეუღლეც ცუდად მყავდა, შვილები სტუდენტები იყვნენ, მაშინ ჩემი შრომით და სიყვარულით გამოზრდილი ყვავილები გავყიდე და ოჯახს დავეხმარე. არ მეთაკილებოდა, რადგან რთული დრო იყო. მაშინ ხომ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და ზოგმა რა საქმიანობას მიჰყო ხელი, ზოგმა რას. გადარჩენისთვის იბრძოდა ყველა. მე ჩემი გატაცება, თუ ჰობი გამოვიყენე და ასე დავეხმარეთ ერთმანეთს მე და ჩემი ყვავილები. მახსოვს, იმდენი მცენარე მქონდა, რომ ყველა ფანჯრის რაფა ათვისებული მქონდა. განსაკუთრებით ზამთარში ჭირდა მათი შენახვა, რადგან უგაზობა, უშუქობა იყო.
1998 წელს მძიმე დიაგნოზი დამისვეს და სასწრაფო საოპერაციო გავხდი. ოპერაციის მერე საშინელი დეპრესია და უიმედობა დამეუფლა. მეგონა, რომ მიმალავდნენ და მალე აღარ ვიქნებოდი სააქაოს. ცხადია მაშინ ყვავილების თავი არ მქონდა. ჩემმა მეუღლემ და შვილებმა იფიქრეს, რა ვუშველოთ ფიქრიას დეპრესიასო და გადაწყვიტეს, მოდი სათბური ავუშენოთო და ვაჟიშვილმა მითხრა, გინდა მამამ სათბური აგიშენოსო?…და გამოვანათე თვალებში. სამ კვირაში კაპიტალური სათბური გამიკეთეს, რომელიც 18 წელია არსებობს და მუშაობს.
-რომელი ყვავილები ცხოვრობენ თქვენს სათბურში?
— ჩემს სათბურში უდაბნოს კაქტუსები და ტროპიკული მცენარეები ერთად ცხოვრობენ. ვახერხებ, რომ ერთმანეთისგან სრულიად სხვადასხვა გარემოს მოყვარული მცენარეები იყვნენ ერთ ჭერქვეშ. აქ უამრავი მცენარეა, ამიტომ დათვლით არასოდეს არ ვთვლი. ალბათ 300 სახეობის 2000-2500 მცენარე იქნება. რა საჭიროა მათი დათვლა? ვიცი მხოლოდ ის, სად რომელი დევს. ბევრი მცენარე ერთადერთია ჩემს კოლექციაში. იშვიათ მცენარეებს ვერასოდეს გავიმეტებ გასაყიდად. ზოგი ამერიკიდან ჩამოვიტანე, ზოგი მეგობრებმა ჩამომიტანეს კვიპროსიდან, იტალიიდან, გერმანიიდან.
-რომელიმე გამორჩეულად გიყვართ?
— ყველა ლამაზია და ერთნაირად მიყვარს, როგორც დედას შვილები. ფავორიტი ყვავილი არ მყავს, მაგრამ როცა რომელიმე მცენარე ძნელად მემორჩილება და ძნელად მრავლდება, იმ ეტაპზე ისაა ჩემთვის ფავორიტი.
-ალბათ თქვენი დილა მცენარეებთან და ყვავილებთან ურთიერთობით იწყება…
— ყოველ საღამოს, ძილის წინ ვგეგმავ რით დავიწყებ დილას. რომელ ყვავილს გამოვუცვლი მიწას, რომელს მივაწვდი წყალს, თუ საკვებს და ასე საღამომდე ვახარებთ ერთმანეთს მე და ჩემი გოგოები. ასე ვეძახი მათ. მინდა სულ მათთან ვიყო. ზამთარში განსაკუთრებით, როცა იქ გათბობაა ჩართული და გარეთ თოვს, ჩემთვის დილა შვიდ საათზე, ყვავილებთან ერთად ყავით ხელში იწყება. თუ სხვა საქმე გამომიჩნდა ისინი მელოდებიან, ითმენენ.
ყველა ყვავილი ინდივიდუალურია, მათი სამშობლოც ხომ განსხვავებულია. როცა მცენარეს ვყიდულობთ პირველ რიგში უნდა ვიცოდე მისი სამშობლო, ანუ რა პირობებია იქ შექმნილი ამ მცენარისთვის, შემდეგ ვფიქრობ ჩემს ბინაში სად შიძლება მისი მოთავსება. მთავარია მცენარის მოთხოვნები განათების, ჰაერის ტენიანობის, მიწის შემადგენლობის და წყლის მოთხოვნილების მიმართ. აქედან უმთავრესია განათება, დანარჩენ სამს კი მოვახერხებთ. განათებას ყველა მცენარე თავისებურად ითხოვს. თუ ის არაა ოპტიმალური ყვავილისთვის აუცილებლად გაუჭირდება ჩვენს ბინაში არსებობა. მაგალითად გვიმრა მზიან ფანჯარაზე ან კაქტუსი ოთახის სიღრმეში შეუძლებელია კარგად გრძნობდეს თავს. კაქტუსი, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს აუცილებელია ის კარგ განათებაზე იყოს და საერთოდ მცენარე მაშინ არის მიმზიდველი და ლამაზი, როცა ის ბუნებრივად გამოიყურება. ეს მაშინ იქნება, როცა შესაფერის განათებას, მიწას და ტენიანობას შევუქმნით. და რაც ყველაზე მთავარია უნდა გვიყვარდეს ისინი. დილით პირველად მათთან მივდივარ. მიყვარს, როცა პატარა ტოტიდან, ან ფოთლიდან გავახარებ, ჩემს თვალწინ იზრდება და ყვავილობს, ეს დიდი სიამოვნებაა.
-ათასობით მცენარე გაქვთ, რომლებსაც განსხვავებული მოვლა და გარემო პირობები სჭირდებათ. როგორ ისწავლეთ ეს ყველაფერი?
— დღეს ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია ყვავილების შესახებ, მაგრამ ადრე ასე არ იყო. არსებობდა ერთადერთი ჟურნალი, რომელსაც ახალგაზრდობაში ვიწერდი. გამოცდილებასთან ერთად გიმუშავდება სხვადასხვა უნარ-ჩვევები, სწავლობ მოვლას. თუმცა არსებობს კიდევ რაღაც აუხსნელი, როცა გესმის მცენარეების, გრძნობ რა უხარიათ, ამ დროს მათაც ესმით შენი. ისინი შენში არიან შემოჭრილები, როგორც მგრძნობიარე არსებები და მიგანიშნებენ რა უხარიათ, რა სწყინთ. ეს დიდი სიამოვნებაა. როცა ამას მიაღწევ, მაშინ უკვე ყველაფერი მარტივდება და გესმის შენ, ესმით მათაც.
-ყვავილების სიყვარულმა, მათთან ურთიერთობამ რა მოიტანა თქვენს ცხოვრებაში?
— ყვავილებთან ურთიერთობამ ბევრი მეგობარი შემძინა და ამით ვამაყობ კიდეც. ვისაც ყვავილები უყვარს ისინი გამორჩეული ადამიანები მგონია, ან შეიძლება ის ადამიანები თვითონ ყვავილებმა აირჩიეს. ვმონაწილეობ გამოფენებში, ფესტივალებში და ამით სამეგობროსაც ვაფართოებ.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ზურა შევარდნაძე, რომელიც უდაოდ უნიჭიერესი ადამიანია. ყოველთვის მიხარია ზურას სამოთხეში სტუმრობა, სადაც მას თავისი სტილი აქვს შექმნილი. დიდი ხანია ვმეგობრობ გარდენიასთან და წელს უკვე ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მეყვავილეებს. შაბათობით ვიკრიბებით გარდენიაში და საინტერესო საუბრები გვაქვს.
ძალიან მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო და ვასწავლო ახალგაზრდებს. თუ ადამიანს შევატყე, რომ მართლა უყვარს ყვავილები და ეს სიყვარული შინაგანია და არა დროებითი გატაცება, დიდი სურვილი მიჩნდება, რომ ვასწავლო, ავუხსნა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავად ვუპასუხო, რა თქმა უნდა ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით.