თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა შსს-ს ექვსიდან ხუთ ყოფილ თანამშრომელს, რომლებსაც ბრალი ედებათ ფარული ინტიმური ვიდეოჩანაწერების შექმნაში პოლიტიკოსების მონაწილეობით, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საუბარია ქართველ პოლიტიკოსებზე კომპრომატის შექმნის სქემაზე, რომლის გახსნის შესახებ მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის აპრილში განაცხადა. ბრალდების მხარის ვერსიით, შსს-ს ყოფილმა თანამშრომლებმა 2012 წლის მაისში სასტუმროში ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ფარულ ჩაწერას ახორციელებდნენ.
ისინი 2016 წლის აპრილის დასაწყისში დააკავეს და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარუდგინეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) უფროსის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს 4 წლითა და 6 თვით, შს-ს ძველი თბილისის რაიონული სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძესა და კუდის ყოფილ თანამშრომელს რევაზ შიუკაშვილს 4 წლით, თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ძებნაში მყოფ დიმიტრი თ.-სა და გივი კ.-ს სასამართლომ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მეექვსე ბრალდებული — კუდის ყოფილ თანამშრომელი გიგლა შიოშვილი სასამართლომ გაამართლა, რადგან მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარადგინა, არასაკმარისი აღმოჩნდა.
პროკურატურა აპირებს შიოშვილის მიმართ გამოტანილი სასმართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
2016 წლის მარტში ქართული საზოგადოება „სექს-სკანდალის" თვითმხილველი გახდა — 11 და 14 მარტს უცნობმა პირებმა YouTube-ზე ინტიმური ხასიათის ვიდეორგოლები ატვირთეს. 11 მარტს გამოქვეყნებულ ჩანაწერში მითითებული იყო, რომელი პოლიტიკოსია აღბეჭდილი ვიდეოზე. მეორე ჩანაწერში ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დამალა. მან ასევე დაიმუქრა, რომ მალე საქართველოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის „მონაწილეობით" კიდევ რამდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებდა.
ვასილ ლელუაშვილისთვის ეს პირველი განაჩენი არ არის. 2016 წლის ივნისში მას 3 წლით პატიმრობა მიესაჯა საქმეზე, რომელიც ეხებოდა ფარულ აუდიოჩანაწერებს და ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას 2012 წელს რამდენიმე დღით გაუჩინარებას.