თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ბავარიაში ავტობუსი ავარიაში მოყვა, რაც დიდი მსხვერპლით დასრულდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელ შტეფენ ზაიბერტზე დაყრდნობით.
„კანცლერმა (ანგელა მერკელი) ამის შესახებ დიდი შეშფოთებით შეიტყო. სამწუხაროდ, აალებულ ავტობუსში, რომელიც საქსონიიდან მოდიოდა, ბევრი დაიღუპა", — განაცხადა ზაიბერტმა.
მან დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ასევე მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურებს.
„ცხედრების ამოსაყვანად და დაღუპულთა ვინაობის დასადგენად მოწვეული არიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტები და სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური უწყების სპეციალისტები", — განაცხადეს პოლიციაში. გზატკეცილის ის ნაწილი, სადაც ავტოავარია მოხდა, მთელი დღე გადაიკეტება.
მანამდე, ორშაბათს, ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ ბავარიაში ტურისტული ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიწვა. იუწყებოდნენ 31 დაშავებულის შესახებ, მათ შორის, არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფნიც. 17 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა, ბავარიის პოლიციის წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ეს ადამიანები ავტობუსში დაიწვნენ.
ავტოავარია ორშაბათს, დილით მოხდა. ავტობუსი, ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში 46 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. გზატკეცილი გადაკეტილია. ადგილზე მუშაობენ მაშველები და პოლიცია.