არის მოსკოვის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში, მინიჭებული აქვს ექიმ–ქირურგის უმაღლესი კატეგორია და რუსეთის პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიული საზოგადოების ნამდვილი წევრია. დღემდე 10 000 მეტი პლასტიკური ოპერაცია აქვს ჩატრებული. დღეს ის თბილისშია და პაციენტების ნაკლებობას არც ახლა უჩივის.
- ბატონო ალეკო, მკითხველს შევახსენოთ, რომ ამ სფეროში საქართველოში 1979 წლიდან ხართ, ასეა?
— დიახ, მართალი ბრძანდებით, სამედიცინო ინსტიტუტი რომ დავამთავრე, 1976 წლიდან ზოგად ქირურგიაში ბორჯომში ვიყავი განაწილებული, მაგრამ სპეციალიზაციაზე 3 ან 6 თვით ჩამოვდიოდი და ბატონ ვახტანგ ხუციძესთან, იმავე წოპესთან ვმუშაობდი. მე მისი მოწაფე ვარ. ოპერაციების კეთება პირველად მისი ხელმძღვანელობით იქ დავიწყე. მას თავისებური მიდგომა ჰქონდა და დღესაც მივიჩნევ, რომ ეს სწორი და საუკეთესო იყო იმიტომ, რომ ის ყოველთვის ითხოვდა, რომ ექიმი გარკვეული ყოფილიყო პროპორციებში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლასიკური ქირურგიის თანამედროვე სახელმძღვანელოები რომ გადაშალოთ, გეომეტრიის სახელმძღვანელო გეგონებათ, იმდენი გრადუსი, იმდენი სანტიმეტრი და კუთხეა იქ მოცემული. პროპორციების ცოდნა, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ, რომ ოპერაციების დროს ამის დაცვა აუცილებელი იყო.
- თქვენ ბრძანეთ, რომ ბატონი ვახტანგის გზას ვაგრძელებო, მიგაჩნიათ, რომ მას მერე კლასიკური ქირურგია სხვა გზით წავიდა?
— ახლა კოსმეტიკურ ქირურგიაში ძალიან ბევრი ნეიროქირურგი და ტრავმატოლოგი წავიდა. ყველას სხვადასხვაგვარი მოთხოვნა აქვს, მაგრამ მე ვაგრძელებ ვახტანგის მოთხოვნას, რომელმაც საბჭოთა კავშირში კოსმეტიკური, ესთეტიური ქირურგია დანერგა, რომელმაც რინოქირურგია — ცხვირების პლასტიკა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. თავად ბატონი ვახტანგი ქართულ ცხვირებზე ამბობდა, რომ ეს ჩვენი რეგიონული დაავადებააო. სამხრეთელებს საერთოდ გვახასიათებს მკვეთრად გამოხატული ლამაზი თვალები და სახის მშვენიერი პროპორციები. ამ დროს კი დიდი ცხვირი ყველაფერს წყალში ყრის. ამიტომ ცხვირის კორექცია ძალიან დიდ ეფექტს იწვევს.
- თუმცა ადრე იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ოპერაციები სახეს ხელოვნურობის დამღას ასვამსო…
— მაშინ მოთხოვნებიც სხვაგვარი იყო. რა არის მოდა?— გარკვეულ დროს გარკვეული გემოვნების გაბატონება, ხომ ასეა? ადრე რატომღაც ისეთი მოდა იყო, რომ ცხვირწაწვეტებული ფორმები იყო მოდაში. ხომ გახსოვთ, მაიკ ჯეკსონმა რამდენი ოპერაცია გაიკეთა? ეს დამოკიდებული იყო იმ დროს არსებულ მოდაზე. ახლა ბუნებრიობისკენაა ტენდენცია, რომ ოპერაცია ნაკლებად შესამჩნევი გახდეს და სახეს შეესაბამებოდეს. არ იყოს ცალკე — ლამაზი ცხვირი და ცალკე — სახე, ვახტანგ ხურციძე სწორედ ამას ემხრობოდა. ეს ხომ დაავადება არ არის, უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული პაციენტის მოთხოვნაც. მასთან მიმსვლელები ხშირ შემთხვევაში თავად უკვეთავდნენ როგორი ცხვირი უნდოდათ და ისიც ძალაუნებურად რაღაც კომპრომისებზე უნდა წასულიყო.
- სახის პროპორციების დაცვა ხომ ხატვის წესების ცოდნას მოითხოვდა?
— მასთან რომ მივედი, იცით, რა მითხრა? წადი და სამხატვრო აკადემიაში ხატვის გაკვეთილები აიღეო. მეგობრები მყავდა არქიტექტორები და კარგა ხანი დავდიოდი აკადემიაში, იმიტომ კი არა, რომ მხატვარი გამოვსულიყავი, არამედ იმიტომ, რომ სახის პროპორციებში გავრკვეულიყავი. ეს გაკვეთილები ძალიან გამომადგა. ეს იყო საქმისადმი მხატვრული და არა ტრაფარეტული მიდგომა. ექიმს ოპერაციის დროს იმპროვიზაციის უნარიც უნდა ჰქონდეს, ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს. ასე რომ, ამ დარგის პიონერის, ბატონი ვახტანგის რჩევები და რეკომენდაციები ძალიან გამოგვადგა.
- ბატონო ალეკო, თბილისიდან გადახვედით მოსკოვში, სადაც მალე მოიპოვეთ პოპულარობა, რას გაიხსენებთ მოსკოვური პერიოდიდან?
— 1992 წლის ბოლო იყო, როდესაც სამუშაოდ მოსკოვის 79-ე საავადმყოფოში გადავედი. იქ გავხსენი განყოფილება, რომლის გამგეც ვიყავი. მოვიზიდე რუსეთში მცხოვრები პროფესიონალი ქართველი სპეციალისტები და პლასტიკური ქირურგიის საკმაოდ ძლიერი განყოფილება გავხსენი. მთავარი ექიმი ძალიან კარგი კაცი შემხვდა და ძალიან დაგვეხმარა.
- ბატონო ალეკო, თქვენი მასწავლებლის ტერმინით რომ ვისარგებლო, რუსეთში ცხვირი რეგიონული პრობლემა არ იყო…
— არ იყო, მაგრამ იქ ხომ მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩასული სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, თანაც, მარტო ცხვირი ხომ არ არის, ჩვენ სხვა სახის პრობლემებითაც მოგვმართავდნენ…
- ამბობენ, რუსეთში ძალიან ბევრი ცნობადი პიროვნებისთვის გაქვთ პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული…
— მათი სახელისა და გვარის დასახელება არა ეთიკურია და პირადად მე ისინი არასოდეს დამისახელებია… ისე გეტყვით, რომ მათ შორის არიან: მსახიობები, მომღერლები, ცნობილი სტილისტები, ტელევიზიის დიქტორები. საერთოდ ჩვენთან 80% ქალი მოდის ხოლმე, თუმცა პაციენტებს შორის მამაკაცებიც არიან. ძირითადად ისინი, ვინც სცენაზე გამოდის, რადგან მათთვის გარეგნობა დამხმარე იარაღია, სპორტსმენებსაც მოუმართავთ ტრავმული დაზიანების დროს. დღეს დრო მოვიდა და სამშობლოში დავბრუნდი. შვილიც მომესწრო, მეუღლესაც აქეთ მოუნდა წამოსვლა და გადავწყვიტეთ. დღეს დიღომში, ადრე რკინიგზის საავადმყოფო რომ იყო, იქ არსებულ ცენტრში პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაა გახსნილი და იქ ვმუშაობთ.
- რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?
— ერთხელ ბატონ ვახტანგთან ჩამოვიდა ბრწყინვალე რეჟისორი ლეო ბაქრაძე, რომელიც დოკუმენტურ ფილებს იღებდა. ბატონ ვახტანგზეც გადაიღო ფილმი "იყავი ლამაზი" და აქ იყო ასეთი ეპიზოდი, როცა ჩვენი ექიმები გურიაში ჩავიდნენ, მაშინ არ ვიყავი გადაღებაზე, მოსკოვში გახლდით. ისე მოხდა, რომ ექიმებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ, მაინცადამიანც კარგი ცხვირი არც ერთს არ ჰქონდა. როცა გურიის ერთ-ერთ სოფელში მივიდნენ, შეკრიბეს გურულები და დაიწყეს ლაპარაკი – აი, ასე კარგად ვაკეთებთ ოპერაციებს, ასეთი პროფესიონალები ვართო. იქ მყოფმა ერთმა გოგომ მამას დაუწყო თხოვნა: მამიკო, აუცილებლად უნდა წავიდე და ცხვირის ოპერაცია გავიკეთოო. მამამისმა თურმე შვილს ხმამაღლა მიმართა: შვილო, შეხედე ამათ, თავისთვის ვერ გაუკეთებიათ ცხვირი და შენ რას გაგიკეთებენო?! ასე გადაასხა გურულმა იქ ჩასულ ექიმებს ცივი წყალი…
–