თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით შემოწმება გამკაცრდება და შედეგად, ქულების შემცირება გავრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება… ამ კუთხით არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე, არ შეცვლილა საპატრულო პოლიციის აქამდე არსებული მიდგომა ბუნებრივი აირის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები ამ სფეროში, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისარგებლებენ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით, როგორც ეს იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და მათ ქულების შემცირება არ შეეხებათ. გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას. შესაბამისად, მათ შემოწმება და ქულათა შემცირება შეეხებათ.
საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლებისთვის 1 ივლისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
1 ივლისიდან ავტომფლობელებს მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაერიცხებათ, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან ერთად შემცირდება. სიახლის თანახმად, 100 ქულა ყოველწლიურად დაირიცხება, თუმცა, 2017 წელს ეს იქნება ექვსი თვე, რაც წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს გულისხმობს.