თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ ლატვიელ კომპოზიტორს, რაიმონდ პაულსს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მისი "ღირსების ორდენით" დაჯილდოების შესახებ.
"ღირსების ორდენი" პაულსს გადაეცა საქართველოსა და ლატვიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების მხარდაჭერისათვის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ნათქვამია საელჩოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
პაულსმა მზადყოფნა გამოთქვა, 12–17 სექტემბერს თბილისს ბიგ–ბენდთან ერთად ეწვიოს, სადაც გაიმართება მისი დაჯილდოების ცერემონია, ხოლო შემდეგ კონცერტი ბათუმში გამართოს. მაესტრომ სურვილი გამოთქვა, რომ კონცერტზე თავისმა ქართველმა მეგობრებმა მიიღონ მონაწილეობა.
რაიმონდ პაულსი მრავალი ცნობილი სიმღერის ავტორია, მათ შორისაა ფიროსმანის შესახებ Миллион алых роз, რომელიც ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ შეასრულა.
ამჟამად პაულსი ძირითადად სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოდის.