თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი 30 ივლისი — 2 აგვისტოს პერიოდშია დაგეგმილი, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში პენსი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს შეხვედრებს.
გარდა ამისა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება ქართულ-ამერიკულ სწავლებებს Noble Partner 2017.
პენსი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელიც ასევე მოიცავს ესტონეთსა და მონტენეგროს.
აშშ-ის ვიცე-რეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი უკვე შეაფასა საქართველოს პრემიერმა.
„შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა! ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით სწვეოდა ჩვენ ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით", — ნათქვამია კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ განაცხადა. მაისში გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ერთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.
სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს, როდესაც ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ". მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრის აშენებას აპირებს.