ვახტანგ კობაიძე
1960-იან წლებში კოლია ქაშაკაშვილი ჩემმა ბიძაშვილმა, პიანისტმა და ჯაზმენმა გარი ვლადიმერაშვილმა გამაცნო. ჩემსავით თვითნასწავლი მუსიკოსიაო მითხრა. იმავე საღამოს პირველად მოვისმინე და ვნახე როგორ და რას უკრავდნენ. ძნელია ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ მაინც ვეცდები. წარმოიდგინეთ ოპერაში მამაკაცის და ქალის არიების ერთდროული შესრულება, ნამდვილი ვირტუოზი უნდა იყო, რომ ჰარმონია არ დაირღვეს. გარი და კოლია ბენი გუდმენის რეპერტუარზე ოთხ ხელში იმპროვიზაციებს უკრავდნენ და ისეთი მუსიკა იღვრებოდა, რომლის მსგავსი არასდროს მომესმინა… მაშინ ვინანე პირველად, დიქტოფონი თან რომ არ მქონდა, რათა ეს საოცრება ჩამეწერა და შთამომავლობისთვის შემენახა. თბილისში თუ ვინმეს ინტელიგენტი ეთქმოდა, ერთ-ერთი იყო კოლია ქაშაკაშვილი თავისი ჩაცმულობით, მიხვრა-მოხვრითა თუ სიტყვა-პასუხით. ქართული ჯაზის სათავეებთან, იქ, სადაც უნდა ვახსენოთ კონსტანტინე პევზნერი, ლოლა ხომიანცი, გიული ჩოხელი, თენგიზ (ბებიკა) ჯაიანი, სოსო ტუღუში, რომელიც „გეპეის“ ჯაზს ხელმძღვანელობდა, გივი გაჩეჩილაძე, გარი ვლადიმერაშვილი, ალიკა მანჯგალაძე, ენვერ ხმირიოვი, ვახტანგ კუცია, აუცილებლად კოლია ქაშაკაშვილის ღვაწლიც არ უნდა დავივიწყოთ. ახლა უფრო ვრცლად მის შესახებ.
სოფიო დოლაბერიძე (მეუღლე): კოლია იყო უპატიოსნესი ადამიანი, არასტანდარტული აზროვნებით და ცხოვრების წესით. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა, არ უყვარდა ინჟინრის პროფესია. გატაცებული იყო ჯაზით. მაშინ ფირფიტები ჩამოჰქონდათ საზღვარგარეთიდან, ჩვენც დავდიოდით მეგობრებთან, ვუსმენდით ამ ჩანაწერებს და იმ დროიდან გატაცებული იყო გარნერით, პიტერსონით, მონკით, სიცოცხლის ბოლომდე ბილევანსის სურათი ეკიდა პიანინოსთან. ბევრს მეცადინეობდა, შეეძლო მთელი დღე, საათობით მჯდარიყო პიანინოსთან, მაგრამ თავისი არასტანდარტული და ცოტა ბოჰემური ცხოვრების გამო მოხდა ისე, რომ დარჩა „თვითნასწავლ მუსიკოსად“.
გაიოზ კანდელაკი (თბილისის ჯაზ-ბენდის დირექტორი): ეს კაცი, რაღაცნაირი, აქ დაიბადა თუ ამერიკიდან ჩამოფრინდა, არ ვიცი. რაღაც ისეთი ჰქონდა, რაც, ბევრს არ აქვს. ბლუზს როცა უკრავდა, ისე ინტელექტუალურად ისეთ კომპოზიციებს ასრულებდა, ყველას აოცებდა, ზედმეტ ერთ ნოტს არ იღებდა. კოლია მუსიკას სადად გადმოსცემდა, მაგრამ უმაღლესი კლასის გემოვნებით.
კოლიას თავისი კომპოზიციებით არაერთი ფილმი აქვს გაფორმებული. სხვათა შორის, სიმღერაც შეეძლო. 1978 წელს რეზო გაბრიაძის გადაღებულ ანიმაციურ ფილმში „კოჯრის ტყის სიზმრებში“, კოლია არის ფილმის კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელიც, სწორედ იქ ასრულებს მშვენივრად ლუი ამსტრონგის ხმით ყვავილების ქვეყანას.
1984 წელს დიმა ბათიაშვილმა გადაიღო თბილისის კოლორიტებზე ფილმი „გზააბნეულნი, ანუ ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან“, რომელშიც კოლია თამაშობს კიდეც და ფილმის კომპოზიტორიც არის. გარდა ამისა, ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი ჰქონდა გაფორმებული.
ნინო სურგულაძე (მომღერალი): ბატონ კოლიასთან და მის ოჯახთან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს, ეს იყო ახალგაზრდული ენერგიით, ენთუზიაზმით აღსავსე, ბავშვური შემართებითა და საოცარი იუმორით დაჯილდოებული ადამიანი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვმეგობრობდით. ხშირად ვხვდებოდით, ბევრს ვსაუბრობდით, საბედნიეროდ, რამდენჯერმე მასთან ერთად სცენაზე მუზიცირების საშუალებაც მომეცა. რაც შეეხება მის პროფესიონალიზმს, მხოლოდ ერთი სიტყვა მომდის თავში — გენიალური.
1998 წლის 25 დეკემბერს, ხელოვნების მუშაკთა სახლში შედგა კოლია ქაშაკაშვილის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. ამ საღამოზე ერთ-ერთი ნომერი სწორედ კოლიამ და დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილმა მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ შეასრულეს. სამწუხაროდ, ამ დაუვიწყარი საღამოდან მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა…