თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქრონიკულ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 1 ივლისიდან მათთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას პრაქტიკულად უფასოდ შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის და სქესის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ის ჩათვლით. მოქალაქე აფთიაქში გადაიხდის შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.
მედიკამენტებს გასცემენ პირებზე, რომლებსაც აწუხებთ: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და მეორე ტიპის დიაბეტი (არაინსულინდამოკიდებული).
სახელმწიფო პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი, 13 მათგანის მიღება უკვე 1 ივლისიდან იქნება შესაძლებელი, ყველა დანარჩენი კი ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.
მედიკამენტების უფასოდ მიღებისთვის, ბენეფიციარი მიდის ოჯახის ექიმთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანს ქრონიკული დაავადება აქვს. ოჯახის ექიმმა იქვე უნდა მიუთითოს მედიკამენტის დოზა და მიღების სიხშირე. ექიმმა ასევე უნდა გამოწეროს რეცეპტი.
ბენეფიციარმა ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებას და სპეციალური რეგისტრაცია გაიაროს. ამის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ აფთიაქს და მედიკამენტებს მიიღებს.
ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა. ექიმის მიერ მედიკამენტის ან დოზის შეცვლის შემთხვევაში, ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში.