საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა შეიცვლება

გამოწერა
დასაქმებულთა და სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პაკეტები განსხვავებული იქნება.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში გაგრძელდება, თუმცა მოქალაქეთა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ცვლილებები იგეგმება, ტელეარხ "TV პირველის"-ის ეთერში განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა. ის ქვეყნის ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბავშვთა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების სამედიცინო მომსახურებას დაზღვევა სრულად ფარავს, დანარჩენი მოქალაქეების კი — ნაწილობრივ.

„საყოველთაო ჯანდაცვა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ სტატუსის განურჩევლად ყველას მაგივრად უნდა იხდიდეს, ეს ჯანდაცვის მოდელია, რომლის დროს ამა თუ იმ სახის სამედიცინო მომსახურება მოსახლეობის 100%-თვის არის ხელმისაწვდომი. ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, და სახელმწიფო მათ მაგივრად არ იხდის, მაგრამ ამ ნიშის განვითარებისათვის პირობებს ქმნის“,- განაცხადა სერგეენკომ.

სამედიცინო სახელმწიფო დაზღვევის არსებული მოდელი შენარჩუნდება, თუმცა ხარჯების ეფექტურობისათვის ახალი მიდგომები შემუშავდება. დასაქმებულთა და სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პაკეტები განსხვავებული იქნება, — აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
სახელმწიფო დაზღვევა საქართველოში მოსახლეობის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული

„სოციალურ პროგრამებზე გაწერილი სახსრები გაორმაგდა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, და ჩვენ გვაქვს სუსტი წერტილები, რომლებიც უნდა დავძლიოთ და ყველაზე მთავარ გამოწვევად მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა რჩება“,-თქვა სერგეენკომ.

ჯანდაცვის რეფორმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, ამას სოციოლიგიური გამოკითხვები აჩვენებს.

საყიველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმის უფასო მეთვალყურეობასა და გეგმიურ ამბულატორიულ დაფინანსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო ასევე ანაზღაურებს ოპერაციის ღირებულების 70%, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის 80% და მშობიარობას. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს დაავადებათა 12 ჯგუფის მკურნალობას.

ყველა ახალი ამბავი
0