თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა, ნათქვამია მოსკოვის საფეხბურთო კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გასული სეზონის მეორე ნაწილი კვერკველიამ „ლოკომოტივში“ „რუბინიდან“ იჯარის უფლებით გაატარა. პარასკევს, 25 წლის ფეხბურთელი მოსკოვის კლუბის მოთამაშე მუდმივი სტატუსით გახდა.
„სოლომონი ძალიან ჩქარობდა ავსტრიაში შეკრების ბოლო დღეებზე, თვითმფრინავის მცირე დაგვიანების გამო ნერვიულობდა და ამაში — სამსახურისა და გუნდისადმი მისი დამოკიდებულება ჩანს. გასულ სეზონზე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა, საუკეთესო მეგობარმა და შესანიშნავმა ადამიანმა. სოლომონთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შევთანხმდით. მისი გვჯერა და „ლოკომოტივში“ ხანგრძლივ წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ“, — განაცხადა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა ილია გერკუსმა.
სოლომონ კვერკველია 1992 წლის 6 თებერვალს სამტრედიაში დაიბადა. ფეხბურთზე მამამ მიიყვანა, რომელიც თავგადაკლული ქომაგი იყო. შვიდი წლიდან ადგილობრივ „გლორიაში“ თამაშობდა, 13 წლიდან კი თბილისში გადავიდა, სადაც ჯერ „დინამოს“ სკოლაში ვარჯიშობდა, შემდეგ თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში.
2009 წელს ფეხბურთელი „ზენიტის“ დათვალიერებაზე მოხვდა და პეტერბურგის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, ახალგაზრდული გუნდში თამაშობდა. „რუბინთან“ თამაშის შემდეგ კვერკველიას ყურადღება ყაზანის სელექციონერებმა მიაქციეს.
„რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელის დებიუტი 2011 წლის 17 ივლისს შედგა, რუსეთის თასის 1/16-ში „ურალთან“ თამაშის დროს. პრემიერ-ლიგაში და ევროთასებში მცველის დებიუტი სწორედ ყაზანის გუნდში შედგა. სულ „რუბინის“ შემადგენლობაში კვერკველიამ 111 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
სოლომონი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა. 2014 წლის 5 მარტს კვერკველიას დებიუტი ქვეყნის მთავარ გუნდშიც შედგა.
კვერკველია სეზონის ბოლომდე იჯარის უფლებით „ლოკომოტივში“2017 წლის 23 თებერვალს გადავიდა.