ქართველი ლეგიონერები თასის გათამაშებებში

© FB / FC Ural - ФК "Урал"ჭანტურია
ჭანტურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გუშინ ფეხბურთში თასის გათამაშების მორიგი ტურები გაიმართა. ზოგიერთ მატჩში ქართველმა ლეგიონერებმა თავისი მნიშვნელოვანი სიტყვაც თქვეს. შედეგების შესახებ Sputnik-ის სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე გვიამბობს.

ქვილითაიას გოლი და პასი

„რაპიდის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ვენის გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. მან ეს ბურთი გასვლით მატჩში, ავსტრიის თასის მერვედფინალში „ლინცის“ კარში შეაგდო. მატჩი სტუმრების გამარჯვებით — 4:0 დასრულდა.

ქართველმა თავდამსხმელმა თავი უკვე მეშვიდე წუთზე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა და „რაპიდმა“ პირველი გოლი გაიტანა. 25 წუთის შემდეგ კომბინაცია თავად ქვილითაიამ დაასრულა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაზარდა — 3:0.

ქვილითაიამ მინდორზე 90 წუთი დაჰყო და მისი კლუბი ¼ ფინალში დამაჯერებელი ანგარიშით გავიდა. „რაპიდის“ მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მეოთხედფინალური წყვილების კენჭისყრა გაიმართება.

© FB / SK Rapid Wien გიორგი ქვილითაია
გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
გიორგი ქვილითაია

ჭანტურია მეოთხედფინალში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ეკატერინბურგის „ურალს“ რუსეთის თასის ¼ ფინალში გასვლაში დაეხმარა.

პერმის „ამკარის“ წინააღმდეგ გასვლითი მატჩის 38-ე წუთზე ჭანტურიამ კუთხური ჩააწოდა, რის შემდეგაც სტუმრები დაწინაურდნენ.

ფინალურ სასტვენამდე 15 წუთით ადრე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა და გუნდების ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.

ჭანტურიას პირველი დარტყმა მიანდეს და ნახევარმცველს იმედი არ გაუცრუებია. საბოლოოდ „ურალმა“ ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა და რუსეთი თასის ¼ ფინალში გავიდა, სადაც „კრასნოდარი“-„ორენბურგის“ მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

„ვიტესი“ და კაშია გზას განაგრძობენ

თუ ჰოლანდიის ჩემპიონატში „ვიტესი“ აშკარა ჩავარდნებით თამაშობს, ქვეყნის თასის გათამაშებაში არნემის გუნდი თავს საკმაოდ კარგად გრძნობს.

1/16 ფინალურ მატჩში „ვიტესმა“ „ვალვეიკს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით — 4:1 მოუგო. გურამ კაშიამ მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა და გუნდის დაცვის ცენტრში ნამდვილად სანაქებოდ ითამაშა.

ვის შეხვდება „ვიტესი“ 1/8 ფინალში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მჭედლიძეს გოლი კვლავ ვერ გააქვს

სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით იტალიაში „სერია А“-ს მე-10 ტური გაიმართა. „ემპოლი“, რომელშიც საქართველოს თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე თამაშობს, სტუმრად „ნაპოლის“ შეხვდა და 0:2 წააგო.

ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში გასვლის უფლება პირველად მიიღო და მისთვის განკუთვნილი 67 წუთის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა.

უკვე მეშვიდე თამაშია, რაც „ემპოლი“ გოლის გატანას ვერ ახერხებს. თავად მჭედლიძემ კი გუნდის შემადგენლობაში თავი ბოლოს 2015 წლის მაისში გამოიჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0