თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის წევრებმა ბახმაროს განვითარების გეგმა განიხილეს. კურორტი ბახმარო მაღალმთიანი ალპური და ზღვის კლიმატის შერწყმით გამოირჩევა.
პროექტი გულისხმობს ბახმაროს მოწყობას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომების თანახმად, რათა მან დამსვენებლების მიღება მთელი წლის განმავლობაში შეძლოს. 2016 წლიდან მაღალმთიანი კურორტის განვითარებაზე მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც კომპლექსურ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
"დარწმუნებულნი ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ბახმარო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ბახმაროში სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.
ბახმაროს განვითარება პოსტსაბჭოთა პერიოდში გაჩერებული იყო. საქართველოს ხელისუფლებამ მისი ზამთარი-ზაფხულის კურორტად გადაქცევა გადაწყვიტა. კურორტის კეთილმოწყობის პროცესი უკვე დაიწყო.