გამოიცა კანონი უკონტაქტო პატრულირების შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკონტაქტო პატრულირებას, რომელიც საქართველოში 1 ივლისს დაიწყება, ერთიანი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები განახორციელებენ.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის გზებზე ე. წ. უკონტაქტო პატრულირების წესების შემოღების შესახებ, რომელიც 1 ივლისს ამოქმედდება, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბრძანების მიხედვით, უკონტაქტო პატრულირება, რომელიც გულისხმობს ფოტო და ვიდეოტექნიკითა და არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოთი აღჭურვილი ავტომობილების (ამოსაცნობი ნიშნების გარეშე) გადაადგილებას, განხორციელდება გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე.

უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის — ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები. ესაა ერთგვარი ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, რეალური დროის რეჟიმში ადევნებენ თვალს საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებას.

საცობი გზებზე პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტომობილი ყოველ მესამეს ჰყავს

უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, რომელიც გასაცნობად და აღსასრულებლად გაეგზავნება ცენტრს და განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში, თვალსაჩინო ადგილას, შესაბამისი ნიშნის განთავსების გზით.

მინისტრის ბრძანებით ასევე განისაზღვრა უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული მონაცემების/ინფორმაციის დამუშავების პირობები, პროცედურები და შესაბამისი ვადები.

ამას გარდა, 1 ივლისიდან ამოქმედდება ე. წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხება 100 ქულა, რომლებიც, დარღვევების შემთხვევაში, შემცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

მღებრიშვილმა ასევე ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესებს მოაწერა ხელი.

გზებზე კონტროლის გაძლიერება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საქართველოში საგზაო შემთხვევები გახშირდა. ბოლო სამ წელიწადში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაშავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0