თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ავტოპარკი, ბოლო მონაცემებით, 1,2 მილიონ ავტომობილს შეადგენს, მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონია, აღნიშნულია ქვეყნის შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
ავტომობილების საერთო რაოდენობიდან 46% 20–ზე მეტი წლისაა.
ყველაზე გავრცელებულია Mercedes Benz–ის მარკის ავტომანქანები, ასევე ლიდერთა სამეულშია Opel–ი და Ford–ი.
ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია, სადაც მთელი რაოდენობის 36,7%–ია დარეგისტრირებული. ქალაქის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია გზების საცობებისგან განტვირთვაზე, ასევე პარკირების ოპტიმიზაციაზე მუშაობს.
კვლევის თანახმად, ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით 550 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი დინამიკურად იზრდება.
ქალაქის მთავრობამ მრავალდონიანი პარკირების მშენებლობისთვის თბილისში ათი ადგილი შეარჩია. კერძოდ: ცენტრალური ვაგზლის მიმდებარედ, "დინამოს" სტადიონთან, "მარჯანიშვილის", "ისნისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურებთან, ასევე თბილისის საკონცერტო დარბაზთან, პუშკინის სკვერთან, თბილისის მერიასთან, გულუას მოედანზე და გეგეშიძის ბაღთან.
გარდა ამისა, მაისის ბოლოს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იწყება თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზატკეცილის პროექტირება. შემოვლითი გზა ქვემო ქართლს მცხეთა–მთიანეთთან თბილისის გვერდის ავლით დააკავშირებს. ამჟამად ტრანსპორტის მთელი ნაკადი, მათ შორის სატვირთო ავტომობილები, დედაქალაქის გავლით მოძრაობენ.
გზებზე მოძრაობის რეგულირების ერთ–ერთი საშუალება საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრება გახდება. 1 ივლისიდან საქართველოში ყველა მძღოლი მართვის მოწმობაზე მიიღებს 100 ქულას. ქულები ყოველ დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმის მიხედვით დააკლდება. თუ მძღოლი ქულათა მარაგს ამოწურავს, მას მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.