თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ავღანეთში სამშვიდობო მისიაში "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა უცვლელი დარჩება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
შესაბამის შეთანხმებას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში "მტკიცე მხარდაჭერაში" მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული ერთდღიანი მინისტერიალის ფარგლებში მიაღწიეს.
"870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იმავე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს", — განაცხადა იზორიამ.
მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ნატოს პარტნიორის როლი გააცნო. იზორიას თქმით, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა ქვეყანას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აამაღლებს.
მინისტერიალის ფარგლებში იზორიამ გამართა ორმხრივი შეხვედრები შვედ და ფინელ კოლეგებთან — პიტერ ჰულტქვისტთან და იუსი ნიინისტოსთან, სადაც გადაწყდა, რომ ორივე მინისტრი საქართველოს სექტემბერში ეწვევა.
ბრიუსელში მინისტერიალის დასულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ნატო სამხედრო კონტინგენტს რამდენიმე ათასი ადამიანით გაზრდის. ალიანსი ასევე ავღანეთის უშიშროების ძალების დაფინანსებას 2020 წლამდე გააგრძელებს.
"მტკიცე მხარდაჭერა" ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის.