თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში გეგმიური სწავლება გაიარეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხაებაში.
სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა“და „ჩარლი“ ასეულებმა. სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს საცეცხლე მომზადება და საჰაერო გზით დაშავებულთა ევაკუაციის ამოცანები.
„მიუხედავად მისიის დატვირთული გრაფიკისა, ქვეყანაყოფი ახერხებს გაიაროს როგორც არაგეგმიური, ისე გეგმიური სწავლება, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო სროლებს და დაშავებულთა ევაკუაციას“, — განაცხადა საქართველოს შეუარაღებული ძალების უმცროსმა ლეიტენანტმა გიორგი ქვრივიშვილმა.
ქართველი მშვიდობისმყოფელების წვრთნა ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში აპრილის თვიდან მონაწილეობს, რომლის ამოცანაც ავიაბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვაა.
მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის.
ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.