თბილისი, 28 ივნისი— Sputnik. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი შესატანი ცვლილებებით უკმაყოფილოა.
საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2016 წლის ბოლოს შეიქმნა, ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე მუშაობა მაისში დაასრულა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტს არა შერეული სისტემით — 77 პროპორციული და 73 ერთმანდატიანი — არამედ მთლიანად პროპორციული სისტემით აირჩევენ. ეს დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებზე, არამედ 2024 წელს.
„უკმაყოფილო და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ ჩვენი მოკრძალებული რჩევა გაეთვალისწინებინათ. ჩვენ კარგი სამუშაო ჩავატარეთ, თუმცა, ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევისთვის. თქვენთვის უკვე ცნობილია ჩვენი პოზიცია და ის, მთლიანობაში პოზიტიურია, თუმცა, არის გარკვეული პუნქტები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ესაა კვალიფიციური უმრავლესობის, საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის არჩევის საკითხები. ეს ძალზე მნიშვნელოვანი თემებია“, — განაცხადა ბუკიკიომ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მას მხარს არ უჭერს არც ქვეყნის პრეზიდენტი, არც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.
საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების თანახმად, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.
იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ამასთან, იზრდება პრეზიდენტობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 35-დან 40 წლამდე.
მთავარ ნიუანსს ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში ჩანაწერი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ. მანამდე მსგავსი ფორმულირება ქვეყნის მთავარ კანონში არ იყო.
კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ქორწინების ფორმულირება — ახალი ვერსიით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია.
ბუკიკიო საქართველოში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბათუმში 29 ივლისი 1 ივლისის პერიოდში გაიმართება.