ლიზა შელია, Sputnik
"Sputnik-საქართველოს" გადამღებმა ჯგუფმა ერთი დღე გაატარა თბილისის ფსიქიატრიულ ორგანიზაციაში "მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი". გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, როგორ მუშაობენ აქ სპეციალისტები, რატომ ითხოვენ თავად პაციენტები აქ მკურნალობას და როგორ შეიძლება ხელოვნება გამოჯანმრთელების გზაზე ლამის პანაცეად იქცეს.
როდესაც შენობას უახლოვდები, ფრთხები და ფიქრობ, რომ ეს-ესაა საშინელ ყვირილსა და ბღავილს გაიგონებ, დაინახავ შებოჭილ და შეშინებულ პაციენტებს. თუმცა შიში თანდათანობით ქრება და მის ნაცვლად გაკვირვება გეუფლება, შენ თავს კითხვას უსვამ: "ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?"
ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტები თავად მოდიან აქ, რადგან მათ არა მარტო მკურნალობენ — მათთან მეგობრობენ. ცენტრში დილიდან ისმის მუსიკა, ის ამშვიდებს ბენეფიციარებს და მათ განწყობას ამაღლებს.
აქ პაციენტები უნიტაზს არ ატანენ მათთვის დანიშნულ აბებს, ისინი დამჯერი და კეთილგანწყობილი არიან. მათ ეპყრობიან, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ მოწყენილად, მარტოსულად, შეშინებულად და გულნატკენად გრძნობენ თავს.
ცენტრში არ იყენებენ სიტყვას "პაციენტი", არსებობს მხოლოდ ცნება "ბენეფიციარი". ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ამტკიცებენ ექიმები. ოფიციალური და ყველაზე უწყინარი ტერმინია — მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები.
საუბრები ფინჯან ყავასთან ერთად — ამ ცენტრის ბენეფიციარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ამ დროს ისინი უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, საუბრობენ, ცოტას ჭორაობენ, ხუმრობენ და უბრალოდ, მეგობრდებიან. ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი დამოკიდებულება კარგ შედეგებს იძლევა.
ამის დადასტურებაა პაციენტისა და ცენტრის ფსიქიატრის თამუნა ალადაშვილის დუეტი. მათ სიმღერა ჩაწერეს, რის შემდეგაც თებუ, სწორედ ასე ჰქვია ცენტრის 25 წლის ბენეფიციარს, ძალიან შეიცვალა. ის "გაიხსნა", წამლების მიღება დაიწყო და ექიმების დამჯერი გახდა.
"გავიცანი თებუ და მივხვდი, რომ მისი ცხოვრების აზრი — მუსიკაა, რეპი და ჰიპ-ჰოპი. მისი ოთახი სტუდიის სტილშია მოწყობილი, ის მუსიკას წერს. ჩემი მხრიდან ეს იყო არა იმდენად არტ-თერაპიის სეანსი, არამედ წამახალისებელი აქტი, რადგან თებუს წამლების მიღების პრობლემები ხშირად ექმნებოდა. ყველა პაციენტს აქვს ასეთი მომენტი, როდესაც ისინი კითხულობენ: "როდემდე უნდა ვსვა ეს წამლები?" როდესაც თებუ და მისი სამყარო გავიცანი, მივხვდი, რომ ამ მიდგომით რაღაც დადებითი შედეგებს მივიღებდი", — განაცხადა ალადაშვილმა.
და ამან გაამართლა კიდევაც. თავიდან თებუმ თავის ახალ ექიმს მუსიკა მოასმენინა, ეკითხებოდა, როგორი მუსიკა მოსწონდა, როდესაც მისი მუსიკალური განათლების შესახებ შეიტყო, რეპის სტილში სიმღერის ჩაწერა შესთავაზა.
"გადავწყვიტე, ექსპერიმენტის არ შემშინებოდა და ყველაფერი გამომივიდა! მას ძალიან მოსწონს სიმღერა, გამუდმებით უსმენს მას და მიიჩნევს, რომ ძალიან მაგრად გამოგვივიდა", — განაცხადა ალადაშვილმა და დასძინა, რომ მკურნალობისას მისასალმებელია ნებისმიერი თერაპია, მუსიკალური ან შრომითი.
ცენტრში მომუშავე ექიმების მთავარი მიზანი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სოციუმში დაბრუნებაა. ისინი ეხმარებიან მათ არა მარტო ნათესავებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობების დალაგებაში, არამედ სხვადასხვა ყოფითი საკითხების მოგვარებასა და დასაქმებაში.
"არიან ისეთები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდ კლინიკაში აღარ მოხვდნენ. ეს მაინც რეჟიმია, დახურული სივრცე, და ეს მათ თრგუნავს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მარტოობას გაურბის და დაბრუნება უნდა. ამბობენ, წავალ, იქ ბევრი ნაცნობი მყავს, ცოტას გულს გადავაყოლებ. ახლა ჩვენ მათი მეგობრები გავხდით, ვეხმარებით, რომ ცხოვრებისთვის უფრო მომზადებული იყვნენ, გარეთ გავიდნენ, უფრო აქტიური გახდნენ", — აღნიშნა ალადაშვილმა.
ცენტრის ექიმები ხალხს მოუწოდებენ, არ დამალონ თავისი ნათესავები მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ. ეს სირცხვილი არ არის, მათი დახმარება შესაძლებელია. სპეციალისტები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში არსებული სტიგმა დაარღვიონ და ახსნან, რომ სათანადო მკურნალობისას ამ ადამიანებმა ნორმალური და სრულფასოვანი ცხოვრებით შეიძლება იცხოვრონ.
"ადამიანებს ურჩევნიათ, მიაკითხონ ნევროლოგს, ვიღაც ექიმბაშს, მკურნალს, ოღონდ არა ფსიქიატრს", — აღნიშნა ალადაშვილმა.
ცენტრის ყველა ბენეფიციარს საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს – ყურებში ხმები, ჰალუცინაციები და მტანჯველი შეგრძნებები, რომლებიც ფსიქიკურ აშლილობებს ახასიათებს. ახლა კი მათი მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა, ზოგიერთმა მუშაობაც დაიწყო, ოჯახი შექმნა, ზოგი ხატავს ან მუსიკას წერს. სწორი მიდგომით თითოეულმა საკუთარი ნიშის მოძებნა შეძლო.
ირაკლი შონია 32 წლის არის, ის არა მარტო ცენტრის ბენეფიციარი, არამედ თანამშრომელიცაა. ახლა ის სხვებს ეხმარება რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში.
"პაციენტებს ვეხმარები თავის თავში გარკვევაში, საკუთარი აზრებისა და პრობლემების გაგებაში, რჩევებს ვაძლევ. ისინი მენდობიან, იმიტომ რომ იციან: მეც ეს გამოვიარე. მათ აინტერესებთ, როგორ გავუმკლავდი ამ ყველაფერს, და გამოცდილებას ვუზიარებ", — განაცხადა შონიამ.
რესტორნები, ექსკურსიები, სპორტული მატჩები — ცენტრის ბენეფიციარებისთვის ხშირად აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს. მათი უმრავლესობა პირველად იყო თეატრში, კინოში, ფეხბურთის მატჩზე, ყველას ეგონა, რომ მათთვის ასეთ ადგილებში ყოფნა არ შეიძლებოდა.
"აი, უკვე ხუთი წელია, სტაციონარში არ მოვხვედრილვარ, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. აქ ადამიანები ძალიან მეხმარებიან, მძიმე მდგომარეობიდან გამომიყვანეს, ჩემი მეგობრები გახდნენ", — გამოტყდა ცენტრის ბენეფიციარი, 52 წლის ნანა კაჭარავა.
"მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი" 2012 წელს დაარსდა. 2013 წლის 9 იანვრიდან ის ამერიკულ პროგრამას "აქტიური სათემო ფსიქიატრიული მომსახურება" (Assertive community treatment, ACT) ახორციელებს. ეს ამერიკული მეთოდია, რომელიც აშშ-ში 50-იანი წლებიდან გამოიყენება და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურია.
ცენტრის თანამშრომლებმა სპეციალური ტრენინგები ამერიკაში გაიარეს. 2016 წლამდე ცენტრს აფინანსებდა ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო", ხოლო 2016 წლის მაისიდან — თბილისის მერია. ერთ ბენეფიციარზე მუნიციპალიტეტი 250 ლარს გამოყოფს. დღეს ცენტრში 70 ბენეფიციარი მკურნალობს.
"მოთხოვნა დიდია, მაგრამ ამერიკული მოდელის თანახმად, ერთ თვეში მხოლოდ ორი ბენეფიციარის დამატება შეგვიძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების ხარისხი დაეცემა", — განაცხადა ცენტრის დირექტორმა გურამ ჭეიშვილმა.
ცენტრში მოსახვედრად პაციენტი სამ კრიტერიუმს უნდა შეესაბამებოდეს: ჰქონდეს მწვავე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი, დარეგისტრირებული იყოს თბილისში და ერთი წლის განმავლობაში სტაციონარში მკურნალობა მინიმუმ სამჯერ გაიაროს ან ზედიზედ სულ ცოტა ხუთი თვის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდეს.
ცენტრში მუშაობენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ფსიქიატრები, ოკუპაციური თერაპევტები, მედდები და განმანათლებლები — ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს გადააწყდნენ.
"კონსულტაციები, უფასო მედიკამენტების გაცემა, სოციალური პრობლემების გადაჭრა — ჩვენი თანამშრომლები ამით არიან დაკავებული. მათ ასევე იმაში ვეხმარებით, რომ მათ პენსია ან სოციალური დახმარება მიიღონ. აღმოჩნდა, რომ მათმა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ სოციალური დახმარება ეკუთვნის", — ხაზგასმით აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცენტრში არის ჯგუფური თერაპია, კულინარიის წრე და სხვადასხვა გასართობი.
"მათ დასაქმებაში ვეხმარებით. ერთი ჩვენთან მუშაობს, სხვა — ნაყინის წარმოებაში, კიდევ ერთი — თარჯიმნად. მათთან ერთად ვადგენთ მათ რეზიუმეს, ერთად ვფიქრობთ, ვგეგმავთ, ერთად მივდივართ გასაუბრებაზე. ჩვენ ასე ვამბობთ: თქვენ ერთით მეტი პრობლემა გაქვთ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ არავინ იცის, რამდენად მეტი პრობლემა მაქვს მე", — აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცენტრი სადღეღამისოა. მუშაობს „ცხელი ხაზიც“ (570905825).
მენტალური პრობლემების პირთათვის დაწესებულებები ორ ტიპად იყოფა: ინსტიტუციები და თემები. პირველ შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას კლინიკაში გადიან, მეორეში — მათთვის ჩვეულ გარემოში: სახლში, სამსახურში, სასწავლო დაწესებულებაში. სწორედ მეორე ტიპს განეკუთვნება "მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი".
ამჟამად საქართველოში ინსტიტუციების რაოდენობა 75%-ს შეადგენს, თემების — 25%-ს. უნდა იყოს 50/50-ზე. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მენტალური ჯანმრთელობის მქონე პირებისათვის ერთნაირი რაოდენობით იმუშაონ კლინიკებმაც და თემებმაც.