ბრალდებულიდან დაზარალებულამდე: პროკურატურა საქმეს იძიებს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა - სიმბოლიკა
პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული შოთა პაკელიანი დაზარალებულად სცნეს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ნარკოდანაშაულისთვის მარტში დაკავებული შოთა პაკელიანი თბილისის პროკურატურამ დაზარალებულად სცნო, რადგან პოლიციელებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, განუცხადა "Sputnik–საქართველოს" პაკელიანის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

მარტში პაკელიანი ნარკოტიკული ნივთიერება "ბიოს" შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა. ივნისის შუა რიცხვებში გამოცემა "ლიბერალმა" გამოაქვეყნა პოლიციის განყოფილების ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც პაკელიანი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს. ჩანაწერში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს უცხო პირთა თანდასწრებით გახდას აიძულებენ.

"ის [პაკელიანი] გუშინ დაზარალებულად სცნეს… მას შემდეგ, რაც ის დაზარალებულად სცნეს, ამ კვირაში ან მომდევნო კვირაში ველოდებით, რომ ბრალდებებს კონკრეტულ [პოლიციის] თანამშრომლებს წარუდგენენ. შემდეგ იმ პოლიციელების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით", — განაცხადა მახარაძემ.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
დაკავებულის ცემის ფაქტი: სკანდალი მძაფრდება

პაკელიანისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს სსკ-ის მუხლით "სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება".

ოფიციალური ბრალდებული ამ საქმეში ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა პაკელიანის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადვოკატი პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებს ირაკლი ქიტოშვილსა და გურამ კასრაძეს ადანაშაულებს.

მეტიც, ცნობილი გახდა, რომ პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი დაითხოვეს. დათხოვნის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ადვოკატი მომხდარს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემის ფაქტს უკავშირებს.

რაც შეეხება საქმეს, რაზეც პაკელიანია დაკავებული, საპროცესო გარიგების საფუძველზე სასამართლომ მას 4 წლის ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0