საქმე ეხება 27 წლის შოთა პაკელიანს, რომელიც მიმდინარე წლის 23 მარტს ნარკოტიკული ნივთიერება „ბიოს“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პაკელიანი ამტკიცებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პროკურატურამ „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით პოლიციელების წინააღმდეგ საქმე აღძრა. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით, სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.
შსს-ს ვერსია
ბრალდების მხარის მონაცემებით, 23 მარტს ისანი-სამგორის რაიონში პოლიციის თანამშრომლებმა შოთა პაკელიანი დააკავეს, რომელიც ამჟამად პირობით სასჯელს იხდის.
"ის არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები", — აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პოლიციამ შოთა პაკელიანის პირადი ჩხრეკისას 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება — ე.წ. ბიო ამოიღო. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში მან მორიგე ექიმს განუცხადა, რომ „ბიო" გადაყლაპა. დაკითხვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნარკოტიკი ქუჩაში იპოვა, ხოლო როდესაც პოლიციელები მის დაკავებას ცდილობდნენ, მიმალვის მცდელობისას მათი ნაწილი გადაყლაპა, ამის შედეგად კი ცუდად გახდა.
შსს-ში აღნიშნეს, რომ ის 2016 წელს ანალოგიური დანაშაულისთვის დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
ვიდეო
ამ საქმეზე კვლავ ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც გამოცემა „ლიბერალმა“ გამოაქვეყნა იმ პოლიციის განყოფილების ვიდეოდაკვირვების კამერების ვიდეოჩანაწერი, სადაც პაკელიანი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.
კადრებზე ჩანს, რომ პოლიციის განყოფილებაში უცხო პირების თანდასწრებით ახალგაზრდა მამაკაცს გახდას აიძულებენ.
ვიდეოს კომენტარებში აღნიშნულია, რომ ეს საპროცესო დარღვევაა. გარდა ამისა, გამოცემა ამტკიცებს, რომ ბრალდებულზე ხორციელდებოდა ზეწოლა იმისათვის, რომ მას ბრალი ეღიარებინა.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიციის ამ განყოფილების უფროსი დაკავებული თანამდებობიდან მოხსნეს.
ბრალდებულის ვერსია
დაკავებულის თქმით, მას ჰქონდა ნარკოტიკი, თუმცა, როდესაც პოლიციელები დაინახა, ის გადაყლაპა. მას სიტუაციის გართულების შეეშინდა, რადგან პირობით სასჯელს იხდიდა.
პაკელიანმა პოლიციელები დაადანაშაულა ცემაში და დახმარების არ აღმოჩენაში, როდესაც მან ნარკოტიკი გადაყლაპა.
„მიმიყვანეს განყოფილებაში, სადაც ჯიბეები გამიჩხრიკეს, ვერაფერი ნახეს და გამაშიშვლეს, გამაკეთებინეს ბუქნები. რა თქმა უნდა, ვერაფერი ნახეს, რადგან უკვე გადაყლაპული მქონდა. მიმდინარეობდა ზეწოლა ჩემზე, რათა მეთქვა, რომ ნარკოტიკი მქონდა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ამის შემდეგ შემიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც უკვე ფიზიკურად გამისწორდნენ“, — განაცხადა პაკელიანმა Rustavi2-ის ეთერში.
მისი თქმით, ოთახში, სადაც მას სცემდნენ, კამერები არ იყო. მან ასევე დაასახელა ის პირები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განახორციელეს.
„ვიდეოზე ძალიან ბევრი სამართალდარღვევა არის ასახული. სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებიც არის. მთავარია, რომ იმ პირებმა, რომლებმაც განახორცილეს დაკავება და ასევე იმ პირებმა, რომლებმაც კადრებზე ასახული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს, პასუხი აგონ“, — განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
მახარაძის თქმით, დაკავების შემდეგ პაკელიანი ოთხი დღე კომაში იმყოფებოდა, ხოლო როდესაც გონს მოვიდა, მომხდართან დაკავშირებით ჩვენება მისცა.
ბრალდებულებს ეძებენ
პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს.
„გამოძიებისას, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, გამოთხოვილია შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოდაკვირვების კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეოჩანაწერის მონაცემები გადაეცა დაცვის მხარეს, აღნიშნეს პროკურატურაში.
„ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით ჩანაწერის ნამდვილობის დადგენის და მასზე ასახული პირების იდენტიფიკაციის მიზნით კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ საქმის დეტალურ გამოძიებას მოითხოვენ და აღშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ სკანდალური ვიდეოს გავრცელებამდე საქმეს სათანადო მსვლელობა არ მიეცა.