თბილისში ხალიჩების ფესტივალი იხსნება

© photo: Sputnik / Denis Aslanovხალიჩების ფესტივალი
ხალიჩების ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ხალიჩების გამოფენაზე შეიკრიბებიან ირანის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ხალიჩების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება აზერბაიჯანული ხალიჩის სახელმწიფო მუზეუმის ნიმუშების გამოფენით, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისის გარდა, ფესტივალი რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალი საქართველოში მეორედ ტარდება.

პირველი ექსპოზიცია სახელწოდებით "ხალიჩების ნაწარმი აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმიდან" საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 28 ივნისს 18:00 საათზე გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც ერთ თვეს გასტანს, წარმოდგენილი იქნება XIX-XX საუკუნეების ხალიჩების ნიმუშები სხვადასხვა კოლექციებიდან.

ყოველწლიურ Kavkaz Jazz Festival 2017-ზე შეიკრიბნენ მუსიკოსები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან - Sputnik საქართველო
კავკასიური ჯაზ-ფესტივალი თბილისში

ღონისძიებას ჩაატარებენ მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე, ხალიჩების ფესტივალის დირექტორი ნინო ყიფშიძე, აზერბაიჯანული ხალიჩის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი შირიმ მელიკოვა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ქართული წარმომადგენლობის პრეზიდენტი ინგა ქარაია.

თბილისის შემდეგ, 1 და 2 ივლისს, ფესტივალი რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაგრძელდება.

ფესტივალის მონაწილე არიან აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, ირანი, სომხეთი, ყირგიზეთი და საქართველო. ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვის პროცესს აჩვენებენ.

გარდა ამისა, ჩატარდება მასტერ-კლასები და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხალიჩების, ფარდაგების ორნამენტის, ფერის, დიზაინის, ქსოვის ტექნიკის შესახებ.

პროგრამებს მოამზადებს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა და მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი.

საქართველოს პანტომიმის თეატრის მიმი - Sputnik საქართველო
პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში გაიმართება

ფესტივალის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სასწავლებლებისა და სახელოსნოების სტუდენტების ნამუშევრები, ყირგიზი და თურქმენი დიზაინერების ტრადიციული სამოსის ინტერპრეტაციები, რომლებშიც ხალიჩების ორნამენტებია გამოყენებული.

ხალიჩების თბილისის გალერეები თავისი ახალი კოლექციებიდან ნიმუშებს წარადგენენ, რომელთა შეძენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი. ასევე იოსებ ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით კოსტიუმირებული პერფორმანსი გაიმართება.

ხალიჩების ფესტივალზე დასწრების მსურველებს 1 და 2 ივლისს მოემსახურება ავტობუსები თბილისი-ახალციხე-თბილისი. გასვლა ახალციხეში ვარდების მოედნიდან 8:00 საათზე, ჩამოსვლა თბილისში 23.00 საათზე. მგზავრობა უფასოა.

ხალიჩების ფესტივალის მიზანია — ხალიჩების წარმოების, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირებული ნაწილის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და წახალისება, ასევე იმ თანამედროვე ოსტატების, საწარმოებისა და გალერეების მხარდაჭერა, რომლებიც ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვის ტრადიციებს ინარჩუნებენ.

ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ Check In Georgia — ს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0