სახელმწიფო კაპელიდან მეურნეობამდე – მუსიკოსი ფერმერის ბოცვრების კოლექცია

© FB/ Zaza Burnadzeმეკურდღლე ზაზა ბურნაძე
მეკურდღლე ზაზა ბურნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ბურნაძე მუსიკოსი, ამავე დროს ფერმერია. უკვე რამდენიმე წელია ბოცვრების გამრავლებით დაინტერესდა. დღეს მის ფერმაში 130-მდე ბოცვერი ცხოვრობს. ბოცვრების კოლექცია მთელი მსოფლიოდან შეაგროვა. ფერმა თბილისში გააშენა და დღეს მისი ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია.

ზაზა ბურნაძემ "sputnik–საქართველოსთან" ისაუბრა, თუ რა განსხვავებაა კურდღელსა და ბოცვერს შორის და როგორი მოვლის პირობები სჭირდება ამ ცხოველს.

– სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ. მეკურდღლეობით როდის დაინტერესდით?

— ვმღერი ჯანსუღ კახიძის ეროვნულ მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში. 2005 წლიდან სახელმწიფო კაპელის მომღერალი ვარ. მანამდე ვგალობდი სიონის ტაძარში. ხუთი წელი ქაშუეთის ტაძარში ვიგალობე. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა. 14-15 წლის წინ გადავწყვიტე კურდღელი მომეშენებინა. ვიყიდე ერთი ბოცვერი. თავიდან სამოყვარულო დონეზე მქონდა, დროთა განმავლობაში კი პროფესიულად მივუდექი ამ საქმეს. ჩამოვიყვანე კურდღლები ევროპიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან. დღეს სხვადასხვა ჯიშები მყავს. სანაშენე მეურნეობა მაქვს. ჩემთან მოდიან მთელი საქართველოდან, ვისაც მათი გამრავლება უნდა და მიჰყავთ ბაჭიები.

© FB/ Zaza Burnadzeკურდღლები
კურდღლები - Sputnik საქართველო
კურდღლები

– მინდა ჩვენს მკითხველს განუმარტოთ, რა განსხვავებაა კურდღელსა და ბოცვერს შორის?

— კურდღელი არის გარეული, ხოლო ბოცვერი – შინაური. სხვადასხვა გენეტიკური აგებულება აქვთ. მათი შეჯვარება არ ხდება.

– ამ ეტაპზე რა ჯიშები გყავთ?

— მყავს ახალზელანდიური ჯიშები, ბელგიური ფლანდრი, გერმანული რიზენი, გერმანული რიზენი ოქროსფერი, კალიფორნიული ჯიშის ბოცვრები. ჯამში, ალბათ, 100-130 ბოცვერი იქნება. რატომღაც არასდროს არ ვითვლი.

© FB/ Zaza Burnadzeკურდღელი
კურდღელი - Sputnik საქართველო
კურდღელი

– ვინმე გეხმარებათ მათ მოვლაში?

— არა, მარტო ვუვლი. დილით ადრე ვდგები, დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდება, საღამოსაც – ნახევარი საათი. კომბინირებულ საკვებს ვაჭმევ. სისტემა მაქვს გაკეთებული, წყალიც ავტომატურად მოდის. ერთი სიტყვით, რთული მოსავლელები არ არიან. ყველაფერი წლებთან და გამოცდილებასთან ერთად მოვიდა.

– რა საკვების მიღება არ შეიძლება კურდღლების და ბოცვრებისთვის?

— მე ვაჭმევ გამხმარ ბალახს, იონჯის პრესებს, კომბინირებულ საკვებს. სველი და ნედლი ბალახის მიღება არ შეიძლება, რადგან შეიძლება ამ დროს ფაღარათი დაემართოს. კომბინირებულ საკვებში ყველა ის ვიტამინია, რაც მათ ორგანიზმს სჭირდება. მზა საკვებია, მინდორშიც აღარ გიწევს სიარული და წვალება.

© FB/ Zaza Burnadzeკურდღლები
კურდღლები - Sputnik საქართველო
კურდღლები

– რა დაავადება შეიძლება შეეყაროს კურდღელს?

— შეიძლება გაუჩნდეს ჭირი. თუმცა საქართველოში ამის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს. წინასწარ, პრევენციის მიზნით კეთდება ვაქცინა და უკვე დაზღვეული ხარ.

– რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა კურდღლის ხორცი?

— კურდღელს უქოლესტერინო, დიეტური ხორცი აქვს. ძალიან კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. შაქრის, ფსორიაზისა და სხვა დაავადებების განვითარებას უშლის ხელს, აფერხებს პროცესებს. ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. მე თვითონ სამი ბიჭი მყავს. უმცროსი ცხრა თვისაა და ერთი კვირის წინ დავაწყებინეთ კურდღლის ხორცის მიღება.

© FB/ Zaza Burnadzeმეკურდღლე ზაზა ბურნაძე
მეკურდღლე ზაზა ბურნაძე - Sputnik საქართველო
მეკურდღლე ზაზა ბურნაძე

– ხშირად მსმენია, რომ კურდღელი თავის ბაჭიებს ჭამს. ნამდვილად ასეა?

— როდესაც დედის ორგანიზმს აკლია ვიტამინი, კალციუმი, მინერალური ნივთიერებები, როცა ის არასრულფასოვანი საკვებით იკვებება, ამ დროს შეიძლება შეჭამოს. როცა კომბინირებულ, რაციონით გაჯერებულ საკვებს აძლევ, ამ დროს არავითარ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მოხდება. ჩემთან მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა.

– საქართველოში რამდენად არის განვითარებული მეკურდღლეობა–მებოცვრეობა?

— ბოლო წლებია, საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა კურდღლის ხორცი. ხალხმა გაიგო მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. მაღაზიები ძალიან ბევრ ხორცს ითხოვენ. მიტანისთანავე იყიდება. საქართველოში ფიზიკურად არ არის დიდი ფერმები, რომ მაღაზიებს სისტემატიურად მიეწოდოთ კურდღლის ხორცი.

© FB/ Zaza Burnadzeკურდღელი და ბაჭიები
კურდღელი და ბაჭიები - Sputnik საქართველო
კურდღელი და ბაჭიები

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— მინდა ახალ-ახალი ჯიშები შემოვიყვანო. გუშინაც ჩამომიყვანეს როსტოვიდან ახალი ჯიში. ახლო მომავალში ვაპირებ ჰოლანდიიდან ლურჯი ფლანდრის ჩამოყვანას, ახალი გამოყვანილი ჯიშია. სამომავლოდ მინდა კლუბი ჩამოვაყალიბო, ფერმერთა სახლის დახმარებით მოვაწყო გამოფენები. მინდა ჩვენ ქვეყანაში მებოცვრეობა განვითარდეს, რატომ უნდა ჩამოვრჩეთ სხვა ქვეყნებს? თუ სახელმწიფოც დამიდგება გვერდში, უკეთესი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0