თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისში პროკურორების საერთაშორისო ასოციაციის (IAP) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ ამ რეგიონების 24 ქვეყნის გენერალური პროკურორები, მათი მოადგილეები და უწყებათა რიგითი თანამშრომლები, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
რიგით მერვე რეგიონული ორდღიანი კონფერენცია 27–28 ივნისს მიმდინარეობს. წელს კონფერენციის თემაა "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული". კონფერენცია გახსნეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰან მორაალმა. კონფერენცია თბილისში პირველად იმართება.
ჩვენთვის ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ის შესაძლებლობას იძლევა, გავეცნოთ კიბერდანაშაულთან და უკანონო ლეგალიზაციასთან (ქონების) ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკას ამ ქვეყნებში, გავცვალოთ ჩვენი გამოცდილება, შესაბამისად, გავაძლიეროთ თანამშრომლობა მომავალში, განუცხადა შოთაძემ ჟურნალისტებს.
ორდღიანი კონფერენციის მსვლელობისას მისი მონაწილეები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ელექტრონული ვალუტის სახით არსებული ქონების დაყადაღებისა და კონფისკაციის საკანონმდებლო ჩარჩო; იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხები ელექტრონული ვალუტის სახით არსებულ ქონებასთან მიმართებით; დაყადაღებული ქონების მართვის კარგი პრაქტიკა; სამართლებრივ ბენეფიციარებს შორის ჩამორთმეული ქონების დაყოფის/განაწილების კარგი პრაქტიკა და სხვა.
პროკურატურის მუშაკები ასევე მსჯელობენ ღია წყაროების გამოყენებაზე სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში და მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობისა და ავთენტურობის საკანონმდებლო სტანდარტებზე.
პროკურორების საერთასორისო ასოციაცია 1995 წელს ჩამოყალიბდა. ის პროკურორების ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 171 ქვეყნის 172 საპროკურორო უწყებასა და 3 ათას ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.