თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისში მიწის ნაკვეთების ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემის შესახებ საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის უცხოელი მრჩევლებისთვის მიმართვა გადაწყვიტა, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice), ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი (Moshe Lador) და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კოფი (Paul Coffey) თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში დახმარებისთვის საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდნენ.
2017 წლის მაისში მთავარმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლებით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ თბილისის მერიის მიერ 2016 წელს უძრავი ქონების ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემის შესახებ.
„საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე შესაბამისი საექსპერტო შეფასების მიზნით ჩართოს პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ უცხოელი მრჩევლები მოამზადებენ დასკვნას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები პროკურატურისთვის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მერიის საქმიანობაზე მაისის ბოლოს გამოაქვეყნა.
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ფარცხალაძის კუთვნილმა კომპანია BSR-CDG Development-მა თბილისში მიიღო 2,6 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ორი ნაკვეთი ვერეს ხეობაში ნაკვეთის კომპენსაციის სახით, რომელიც 513 ათასი ლარი ღირდა.
მთავარმა პროკურატურამ უკვე მიიღო დოკუმენტაცია აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოდან, მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ეკონომიკის სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან.