თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარ მიხეილ თათარაშვილს, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, აცნობა "Sputnik-საქართველოს" თათარაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
თათარაშვილი მარტში დააკავეს სურამის მახლობლად. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსის" 18 აბი ამოიღო, სასამართლომ თათარაშვილს გამოძიების პროცესში წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
"როგორც წესი, ორ თვეში ერთხელ სასამართლო გადახედავს საბრალდებო დასკვნას, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით არის გამოყენებული. ამიტომაც ახლა უნდა გადაეხედათ მისი [თათარიშვილის] დასკვნა. გარდა ამისა, ჩემი შინაგანი რწმენით, საქმეზე დაკითხულ მოწმეებს მიხეილ თათარიშვილის ბრალეულობის დამტკიცება არ შეუძლიათ. საბოლოო ჯამში, სასამართლომ თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეები უკვე დაიკითხნენ და მათზე ზეწოლის მოხდენის საშიშროება აღარ არსებობს", — განაცხადა ჭკადუამ.
აღნიშნული თანხა თათარაშვილმა 5 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. მომდევნო პროცესი ხუთშაბათისთვის არის ჩანიშნული.
სამშაბათს ჩანიშნული სასამართლო სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო დაგვიანებით დაიწყო. ამის გამო ის 300 ლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ, ბრალდების მხარე სასამართლოში სხვა პროკურორმა წარმოადგინა.
დღევანდელ სხდომაზე ანა მარგველაშვილისა და მინდია გოგოჭურის დაკითხვა იგეგმებოდა, რომლებიც თათარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სურამში. მათი დაკითხვა ხუთშაბათამდე გადაიდო.
პრეზიდენტის ქალიშვილი გამოძიებას არ ენდობა და მიიჩნევს, რომ მის მეგობარს ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო. ამასთან დაკავშირებით მან მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში "არა ჩადებას", რომელიც თათარაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში შსს-ს შენობის წინ გაიმართა.
თათარაშვილი ანა მარგველაშვილის ერთადერთი მეგობარი არ არის, რომლის წინააღმდეგ ნარკოტიკების გამო სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მაისში პოლიციამ თორნიკე კაჭარავა დააკავა, რომლის პირადი ჩხრეკისას ნახევრადსინთეტიკური ოპიოიდი "ბუპრენორფინი" ამოიღეს. კაჭარავა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.