თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ორშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 20 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, ვაჭრობაზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,4077 GEL/$1 ნიშნულზე დაფიქსირდა.
წლის დასაწყისიდან სებ-მა ხუთ აუქციონზე დაახლოებით 70 მლნ დოლარი იყიდა. აღნიშნულ პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსი 9%-ით გამყარდა.
გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ორი მიმართულებით განახორციელა ინტერვენციები — როგორც უცხოური ვალუტის ყიდვის, ისე გაყიდვის მიმართულებით, რის შედეგადაც წლის განმავლობაში წმინდა გაყიდვებმა 1,7 მლნ დოლარი შეადგინა.
სამშაბათისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4075 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც 0,0036 ლარით მეტია დღევანდელ, ორშაბათის კურსზე.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა დოლარის მიმართ 2009 წლიდან სავაჭრო სისტემა Bloomberg-ის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგაციით ხორციელდება.