თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველომ 2023 წელს შესაძლოა სამთო-სათხილამურო ფრისტაილში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივნის სარა ლუისის შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში იმყოფება, ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საქართველომ განაცხადი ტურნირის ჩატარებაზე 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ჩემპიონატის ჩატარების პრეტენდენტები ასევე არიან რუსეთი და ფინეთი. გამარჯვებული ქვეყანა FIS-ის კონგრესზე დასახელდება, რომელიც 2018 წლის მაისში გაიმართება სერბეთში.
ფედერაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისკენ მიმართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კერძოდ, საქართველოში 2016 წელს სამი ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაიხსნა – გოდერძი, თეთნულდი და კოხტა-მიტარბი; ასევე მუშავდება კიდევ ოთხი კურორტის — ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა.
სარა ლუისთან ერთად საქართველოში იმყოფება FIS-ის კოორდინატორი ჯოზეფ ფიცჯერალდი, რომელიც მიმდინარე კვირაში ბაკურიანსა და გუდაურს ეწვევა აღნიშნული კურორტების შესაძლებლობების შესაფასებლად.
სამთო-სათხილამურო ფრისტაილში მსოფლიოს ჩემპიონატი — საერთაშორისო ტურნირია, რომელიც ყოველ კენტ წელიწადს იმართება. ყველაზე ხშირად ჩემპიონატისთვის მასპინძლობა აშშ-ს აქვს გაწეული (1991, 2003, 2011 წლები). ხოლო იაპონიასა და საფრანგეთში ტურნირი ორ-ორჯერ ჩატარდა — შესაბამისად, 1997 და 2009 წლებში და 1986 და 1995 წლებში.