ნიკოლოზ რაჭველი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა

გამოწერა
კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ელჩის რანგში შშმ ბავშვთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.

მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვას, ადვოკატირებასა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.

"მოხარული ვართ, რომ ნიკოლოზ რაჭველი შემოუერთდა იუნისეფის გუნდს, მის მხარდამჭერებსა და ელჩებს. ნიკოლოზ რაჭველი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვეხმარება კიდევ უფრო ფართო ფენებს მისწვდეს ჩვენი გზავნილი, რომ ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და იყენებდეს საკუთარ პოტენციალს სტიგმისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში", — აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ.

ნიკა რაჭველის თქმით, მისთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყოს იუნისეფის ელჩი საქართველოში, და ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებების ადვოკატირებისთვის.

ხელოვნების მოღვაწეთა კავშირ "კონცეპტ-არტთან" და პროდიუსერ თეონა ჯორბენაძესთან თანამშრომლობით ნიკოლოზ რაჭველი 2014 წლიდან ეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდს და კონცერტებისა და საჯარო გამოსვლების საშუალებით ცდილობს შშმ ბავშვების მხარდაჭერასა და საზოგადოების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

გასართობი პროგრამა პარკში - Sputnik საქართველო
რა აკლიათ შშმ პირებს საქართველოში: ომბუდსმენის ანგარიში

2017 წელს ნიკოლოზ რაჭველმა "კონცეპტ-არტთან", საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, ცნობილ მუსიკოსებთან და შემსრულებლებთან ნინო მაჩაიძესთან, ლიზა ბათიაშვილთან და დავით ალადაშვილთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო იუნისეფის კამპანიაში "დაინახე ყველა ფერი", რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მიმართ არსებული სტიგმის აღმოფხვრა.

გაეროს ბავშვთა ფონდი (United Nations International Children's Emergency Fund, UNICEF) — გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1946 წლის 11 დეკემბერს დაფუძნდა გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით. გაეროს ბავშვთა ფონდის ძირითადი მიზნებია: ბავშვთა უფლებების დაცვა, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირება, ბავშვებისთვის დაწყებითი განათლების მიღების ხელშეწყობა და ა.შ. ამ და სხვა მიზნების მიღწევაში იუნისეფს კეთილი ნების 180-ზე მეტი ელჩი ეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0