თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოში კვლავ არსებობს ისეთი ტერმინი, როგორიცაა „დაინვალიდება", ხოლო სახელმწიფო არასაკმარისად ზრუნავს იმაზე, რომ შშმ პირებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმაროს, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ანგარიშში.
ომბუდსმენმა საზოგადოებას შშმ პირთა უფლებების შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა, რომელიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებულ ძირითად ტენდენციებს, პრობლემებსა და სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს ასახავს.
ნანუაშვილის თქმით, შშმ პირები არასაკმარისად იღებენ სერვისებს და პროგრამებს, ხოლო შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება ისე, როგორც ეს საჭიროა. გარდა ამისა, ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი შშმ პირი ცხოვრობს საქართველოში.
ომბუდსმენმა განაცხადა იმ სისტემური პრობლემების შესახებ, რომლებიც შშმ პირთა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში წლიდან წლამდე მეორდება და მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას მნიშვნელოვნად აბრკოლებს.
ნანუაშვილმა არაეფექტური უწოდა იმ ღონისძიებებს, რომლებიც სახელმწიფომ შშმ პირთა დასაქმების მიზნით განახორციელა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს საჯარო სექტორში მხოლოდ 52 შშმ პირი იყო დასაქმებული, ხოლო კერძო სექტორში — 32.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შშმ ბავშვთა ხუთი სახელმწიფო დაწესებულება დაათვალიერეს, რომლებიც თბილსში, კოჯორში, ძევრში, დუშეთში და მარტყოფში მდებარეობს.
სპეციალისტებმა ამ დაწესებულებების პირობები და ბენეფიციართა უფლებების დაცვა შეაფასეს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებულებებში არ არის საკმარისი კადრები, არ არის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა და ასევე სამედიცინო დახმარების გაწევის პრობლემები არსებობს.
საქართველოში დარეგისტრირებულია 124 500-ზე მეტი შშმ პირი, რომელიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს.
მათგან 25 000-ზე მეტი ადამიანი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა (პირველი ჯგუფი), 76 000-მდე — მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებით (მეორე ჯგუფი) და 14 000-მდე — ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებით (მესამე ჯგუფი). 9 500-ზე მეტი ადამიანია 18 წელს ქვემოდ ასაკის შშმ პირი.
შშმ პირები, რომლებიც პირველ ჯგუფში შედიან და ასევე ბავშვები, თვეში 180 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას იღებენ, მეორე ჯგუფში — 100 ლარს, ხოლო მესამეში — 70 ლარს.