გადავწყვიტეთ, რეალური სურათი დაგანახოთ იმისა, თუ რა ხდება ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში და კონკრეტული სკოლების მაგალითზე გიჩვენოთ, თუ ვინ როგორ აპირებს ამ სფეროს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას.
ჩვენ სკოლებში არსებულ მდგომარეობას დღეს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა — თბილისის“ მაგალითზე განვიხილავთ, რადგან ამ სკოლამ საკუთარი პრიორიტეტი დაარსებისთანავე გამოკვეთა დევიზით: Ad vitam paramus — ვამზადებთ ცხოვრებისთვის!
სკოლის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე თბილისში „ბაქსვუდის“ სკოლის დამფუძნებელს, ბატონ ალექსანდრე ვაშაკიძეს გავესაუბრეთ.
– ბატონო სანდრო, რამდენადაც ვიცი, თქვენი სკოლის დაარსების იდეა 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, როდესაც ქვეყანაში არანაირი პროგრესი არ იგრძნობოდა…
— დიახ, 90-იანი წლების დასასრული იყო, როცა სკოლის დაარსების იდეა გაგვიჩნდა. მაშინ მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც ახლა სკოლის თანადამფუძნებლები არიან, ჯერ კიდევ გამოუცდელები ვიყავით და ვფიქრობდით, რისი გაკეთება შეგვეძლო ქვეყნისთვის. პოლიტიკოსობას არც ერთი არ ვაპირებდით. მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ და იმ აზრამდე მივედით, რომ ყველაზე კარგს, რასაც ამ ქვეყნისთვის გავაკეთებდით, მისი უკეთესი მომავლისთვის ხელის შეწყობა იქნებოდა, რასაც თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე სკოლის დაარსებით მოვახერხებდით. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა. ჩვენ შევძელით, რომ ბევრი ჩვენი მოსწავლის ცხოვრება უკეთესობისკენ შეგვეცვალა და შედეგი იმას გვაფიქრებინებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
– ბუნებრივია, დასაწყისში ბევრი ბარიერი და გამოწვევა გექნებოდათ, როგორ გახსენდებათ ის დრო?
— ძალიან რთულად. მახსოვს, რომ 2000 წელს ჩვენ მიერ დაქირავებული ერთ-ერთი საკლასო ოთახი საკუთარი ხელით გავარემონტე. მაშინ სულ ექვსი მოსწავლე გვყავდა. ასე ბედის ანაბარად დავიწყეთ ეს საქმე, რადგან მაშინ განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერა არავისგან გვქონია და არც ლობირებას გვიწევდა ვინმე. სამწუხაროდ, არასოდეს გვქონდა იმისი ფუფუნება, რომ საკუთარი შენობა გვქონოდა. თუმცა 2007 წელს მოვახერხეთ და ავედით წყნეთში, სადაც დღემდე ვართ. ასე რომ, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა და წარმატების მიღწევაც ნელ-ნელა შევძელით.
– ამ წარმატების საწინდარი ალბათ თქვენ მიერ არჩეული სწორი სტრატეგიაა, რაში გამოიხატება ის?
— ეს გარკვეულად გამოიხატება ჩვენ დევიზში: Ad vitam Paramus, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს ცხოვრებისთვის ვამზადებთ და, ალბათ, აქვეა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს მშობელმა ჩვენი სკოლა. აქ ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებთ, ესენია მასწავლებლების კვალიფიკაცია, მომსახურების სრული პაკეტი, რასაც ბავშვებს ვთავაზობთ, ინდივიდუალური მიდგომა, სკოლის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა სწავლების ხარისხი დაბალი გახდეს, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობას ვერ ვზრდით. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეები მომავალ ცხოვრებას ყველანაირად მომზადებული შეხვდნენ.
უფრო სრულყოფილი სურათისთვის სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებსაც გავესაუბრეთ.
რატი ფიფია – მე-10 კლასის მოსწავლე: ამ სკოლამ პიროვნებად ჩამომაყალიბა. რეალურად დამანახა, რა არის ჩემთვის პრიორიტეტი. სკოლაში მოსვლის შემდეგ გამიადვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციუმთან საერთო ენის გამონახვა. სკოლაში გატარებული არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. ჩვენი ერთი, ჩვეულებრივი დღე იწყება დილის 8 საათზე, როცა ჩვენ სახლთან ავტობუსი მოდის და სკოლაში მივყავართ. ყოველდღე 6-7 გაკვეთილი გვაქვს. აქვე ვსადილობთ და სადილიც ყოველდღიურად განსხვავებულია. გაკვეთილების შემდეგ იწყება ის, რაც განასხვავებს „ბაქსვუდს“ სხვა სკოლებისგან. ეს არის პრეფტაიმი, ანუ მოსამზადებელი დრო, როცა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, დავსხდეთ სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, მოვამზადოთ გაკვეთილები, თუ სხვა აქტივობებით დავკავდეთ. ვისაუბროთ სახვადასხვა თემაზე, მოვაწყოთ სპორტული შეჯიბრებები და ინტელექტუალური თამაშები და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე სასიამოვნო პერიოდი თითოეული ჩვენგანისთვის, რაც ხუთ საათზე მთავრდება, როცა ჩვენ ავტობუსს ისევ სახლებში მივყავართ.
გიორგი თარგამაძე — მშობელი: ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ეს ნიჭიერება ხშირად წარმატების მიღწევის სურვილსა და მცდელობაში ვლინდება. ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და თითოეულ ინდივიდსაც, რათა გარემოში თავი ბედნიერად იგრძნოს, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ადამიანებისადმი პატივისცემა, განსახვავებული აზრისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებაა. ყველაფერი ეს კი „ბაქსვუდის“ სკოლის პრინციპებია, ანუ ის, რითიც ეს სკოლა სხვებისგან გამოირჩევა.
ქეთევან ტატიშვილი — ფიზიკის პედაგოგი: სკოლის პირველივე შეხვედრაზე ჩვენმა აკადემიურმა დირექტორმა არჩილ სუმბაძემ მითხრა – ჩათვალეთ, რომ აქ ოჯახში მოდიხართო და დღემდე მართლაც ასეა. ჩვენ ვართ ოჯახში, სადაც ძალიან ჯანსაღი გარემოა. “ბაქსვუდი“ გაძლევს შანსს, რომ საკუთარი თავი ნებისმიერ სფეროში საუკეთესოდ გამოავლინო. ეს სკოლა მოსწავლეში აფასებს იმას, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. ჩვენთან დიდ აქცენტს ბავშვის პიროვნულ აღზრდაზე აკეთებენ. რაც შეეხება წარმატებებს, ორი წლის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით, გრანდიოზულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა, რომელსაც ილიაუნის პროფესორი, ქალბატონი მარიკა კაპანაძე ხელმძღვანელობდა. შემდეგ საქართველოს მასშტაბით ეროვნულ კონკურში გავიმარჯვეთ, ევროპაში წავედით და 12 ევროპულ ქვეყანას შორის პირველი ადგილი ავიღეთ.
ნატა ბიჭიკაშვილი — ბიოლოგიის პედაგოგი: სკოლაში მეცხრე წელია ვმუშაობ. როცა გაკვეთილზე შევდივარ და მოსწავლეებს გადავხედავ, ზუსტად ვიცი, ვინ როგორ ხასიათზეა, ვინ როგორაა მომზადებული. აქედან გამომდინარე დავალებებსაც ინდივიდუალურად ვაძლევ. არაერთ კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას და, როგორც წესი, ყოველთვის გამარჯვებულები გამოვდივართ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეს აქედან ისეთი ცოდნა და გამოცდილება მიაქვს, რომ მომავალში უთუოდ წარმატებული ადამიანი იქნება.
იმის დასტურად, რომ „ბაქსვუდელების“ საუბარი ლიტონი სიტყვები არ არის, მათი წლევანდელი მრავალრიცხოვანი წარმატებებიდან ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს მოგაწვდით:
ნიუ-იორკში, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ გაეროს შტაბ-ბინაში ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 65 ქვეყნის 850-ზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას, 12-მა „ბაქსვუდელმა“ მოსწავლემ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო მიიღო;
English Book in Georgia-ს ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში, რომელიც სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და 300 გუნდი იღებდა მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, ფინალურ მეტად დაძაბულ შეჯიბრში სანდრო ჩუმაშვილის, ირაკლი სვანიძის, ნატა ლაზიშვილის, ანზორ გოგობერიშვილისა და ინგა დოლიძის მიერ დაკომპლექტებულმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება შეძლო;
ხატვის საერთაშორისო კონკურსში "დამიხატე მშვიდობა" “ბაქსვუდის“ ორი მოსწავლის — ანა ობოლაშვილისა და ილია ცარციძის ნამუშევრები მსოფლიოს 30 ქვეყნის 2000 მონაწილეს შორის შერჩეულ 50 გამარჯვებულის სიაში მოხვდა.
World School Style Debates — საუკეთესო სპიკერების ათეულში ორი „ბაქსვუდელი“ — სანდრო ჩუმაშვილი და დავით ჩანქსელიანი მოხვდნენ.
გარდა ამისა, „ბაქსვუდელმა“ მოსწავლეებმა ძალიან მაღალი შედეგებით დასრულეს CAT-ს გამოსაშვები გამოცდები, როგორც მე-12, ისე მე-11 კლასებში (სწორედ ის გამოცდები რომელთა ჩაბარება საქართველოში 11 ათასმა მოსწავლემ ვერ შეძლო).
ბოლოს კი პატარა ვიდეოჩანაწერი „ბაქსვუდის“ სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიებიდან, რომელიც ყოველი წლის ბოლოს აღინიშნება და რომლისთვისაც განსაკუთრებულად ემზადება როგორც სკოლის ყოველი მოსწავლე, ისე პედაგოგი, მშობელი თუ ტექნიკური თანამშრომელი. სწორედ ამ ღონისძიებაზე — „სპორტისა და დაჯილდოების დღეზე“ ითვლიან „ბაქსვუდელები“ კიდევ რამდენი ნაბიჯი გადადგეს წარმატებისკენ და „ცხოვრებისათვის მომზადებულ ბაქსვუდელთა“ ახალ თაობას „თავისუფალ ფრენაში“ უშვებენ.