თბილისი 25 ივნისი-Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ზღვაოსნებს მეზღვაურის საერთაშორისო დღე მიულოცა.
შავი ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში ზედიზედ მეშვიდედ აღნიშნეს დღესასწაული. საზეიმო მსვლელობა დაიწყო მემედ აბაშიძის ქუჩიდან და დასრულდა პორტში, სადაც საზეიმო მიღება მოეწყო. მსვლელობაში მონაწილეობდნენ საქართველოს საზღვაო აკადემიის სტუდენტები.
„ქართველ მეზღვაურებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებსა და პედაგოგებს, ყველას ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, ან სამშობლოში ეუფლება ამ უმნიშვნელოვანეს პროფესიას, ან მომავალ თაობებს გადასცემს გამოცდილებას, ვისი პროფესიული საქმიანობაც დაკავშირებულია ზღვაოსნობასთან, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს — მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს.“- წერს მარგველაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ბათუმში გამართულ მსვლელობაში.
„ჩვენ 10 000-მდე მეზღვაური გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ ასობით გემზე მუშაობენ. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალია ამ ხალხის შრომის პირობების გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, უკვე ახლა მიდის ჩვენი კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“- განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.
მეზღვაურის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 2010 წლიდან, 25 ივნისს. ეს შედარებით ახალგაზრდა დღესასწაული დაწესდა იმ რეზოლუციის თანახმად, რომელიც მიიღეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონფერენციაზე მეზღვაურთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა.