თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საზეიმო ღონისძიება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) გაიმართა. პროფესიული დღე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიან და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით კარიაულმა მოულოცეს.
„თქვენი ქვედანაყოფი ქართულ შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ქვედანაყოფია. თქვენი ფუნქციიდან გამომდინარე, პირველ რიგში, სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ შეიარაღებულ ძალებში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დისციპლინა და წესრიგი, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი კანონდარღვევა“, — განაცხადა იზორიამ.
ღონისძიება საჩვენებლი ტაქტიკული წვრთნებით დაიწყო. სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონმა კონვოის ოპერაცია განახორციელა. დაცვისა და უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ კი დაცვა-ესკორტირების ოპერაცია ჩაატარა.
იზორიამ წარმატებულ სამხედრო პოლიციელებს საშტატო იარაღები გადასცა. გარდა ამისა, სამხედრო პოლიციელებს გადაეცათ მედლები „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.
2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი შეიქმნა, 2008 წლის აგვისტოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. 2009 წლიდან სამხედრო პოლიცია ქართული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთო.
2015 წელს სამხედრო პოლიცია გაძლიერდა საბრძოლო კომპონენტით და შეიქმნა სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონები.
2016 წლის ივნისში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო-საჯარისო ცენტრის, საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის, სამხედრო პოლიციის კურსი დაარსდა, რომელზეც სპეციალიზაციას სამხედრო პოლიციის მოსამსახურეები გადიან.