თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საქართველოში მიმდინარე სამმხრივი წვრთნების „კავკასიის არწივი 2017“-ის ფარგლებში წარმატებით შეასრულეს რიგი დავალებები, მათ შორის, გაათავისუფლეს „მძევალი“, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ერთობლივმა ათდღიანმა სწავლებამ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მონაწილეობით სტარტი 4 ივნისს აიღო. ერთობლივი წვრთნები მესამედ ტარდება. მანამდე სწავლება თურქეთში იმართებოდა. სწავლების მიზანს წარმოადგენს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება.
„სწავლება საკმაოდ წარმატებით წარიმართა. შემიძლია გითხრათ, რომ საუკეთესო ქვედანაყოფებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს“, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხეიძემ.
სცენარი ვერტმფრენიდან დესანტირებას, ავიაციით და საცეცხლე მხარდაჭერით ობიექტის განადგურებას, მძევლის გათავისუფლებას, ასევე დაშავებულის ევაკუაციას და შენობის განადგურებას მოიცავდა. სწვალებაში სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოიერიშე ქვედანაყოფებმა მიიღეს მონაწილეობა.
ოპერაციაში ჩართული იყო ასევე საჰაერო კომპონენტები.
სწავლებას საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გურმუქჩუ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე აკვირდებოდნენ.