თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის პოლიგონზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფების მონაწილეობით ტარდება სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „კავკასიური არწივი", ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალური ქვედანაყოფების მონაწილეობით საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ათდღიანი წვრთნები კვირას დაიწყო და მესამედ ტარდება. პირველი ორი წვრთნა თურქეთში ჩატარდა.
„სწავლებაში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები მიიღებენ. სამხედროები ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწევთ", — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, სწავლება ემსახურება სამი ქვეყნის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების შესაძლებლობების განვითარებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას და ასევე სპეციალური დავალებების შესრულებისას კოორდინაციის გაუმჯობესებას.
თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ინტენსიური 2014 წლიდან გახდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თავდაცვითი უწყებების მეთაურების დონეზე სამმხრივი ფორმატის მინისტერიალის ჩატარებას. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.
მინისტერიალი ტრადიციული გახდა და თითოეულ ქვეყანაში რიგრიგობით პერიოდულად ტარდება. მასზე, ძირითადად, განიხილება სამ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.
სამი მინისტრის ბოლო შეხვედრა ბათუმში მიმდინარე წლის მაისში გაიმართა.