თბილისი, 24 ივნისი-Sputnik. საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეხვედრისას ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ აღინიშნა რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობის წინაპირობაა.
საქართველოს ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრეზიდენტს საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ალიევმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა განათლების მაღალი დონის მისაღწევად ADA-ს უნივერსიტეტში, ბაქოს ნავთობის უმაღლეს სკოლასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა განათლების სფეროში ორმხრივი საერთო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს, მათ შორის სტუდენტთა გაცვლაზე, იტყობინება Sputnik აზერბაიჯანი სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოჯისტიკის სფეროებში.