თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე გახდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მიქაუტაძემ თანამდებობაზე ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე შეცვალა, რომელსაც ოთხწლიანი ვადა ამოეწურა.
მურუსიძის გარდა იუსტიციის საბჭო დღეს დატოვეს თამარ ალანიამ, შოთა გეწაძემ და მერაბ გაბინაშვილმა. ისინი, ხმათა უმრავლესობით, ჩაანაცვლეს ირაკლი შენგელიამ, ვასილ მშვენიერაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და ირაკლი ბონდარენკომ.
გიორგი მიქაუტაძე ოთხი წლის განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა, სანამ 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდებოდა. თავმჯდომარედ ის 2016 წლის მარტში დაინიშნა, ხოლო 2017 წლის აპრილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა.
„საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ, მიქაუტაძემ უნდა დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი.
რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ამ დროისათვის მისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის ყველა პროცესს აკონტროლებს. საბჭოს კომპეტენციაში, სხვა საკითხების გარდა, ასევე შედის მოსამართლეების საერთო სასამართლოებში დანიშვნის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და დისციპლინის შეფასების საკითხები.