ჩეხეთი საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითაა დაინტერესებული

გამოწერა
საქართველოში ვიზიტით ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოში გაიმართა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ გახსნა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.

ვაცლავ ჰაველის სკვერში ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა - Sputnik საქართველო
ვაცლავ ჰაველი თბილისში: ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის გახსნა

„მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრის ორგანიზება ჩეხეთის საელჩოს დახმარებით მოხდა. მასში მონაწილეობენ მეწარმეები, რომლებიც თავდაცვის ინდუსტრიაში მუშაობენ. რამდენადაც უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, მდგომარეობა ოპტიმისტური არ არის, ამიტომ ჩვენ გვიწევს ჩვენი ჯარის მოდერნიზება, რათა თავდაცვისთვის მზად ვიყოთ. ეს ეხება ორივე ქვეყანას — როგორც საქართველოს, ისე ჩეხეთს“, — განაცხადა სტროპნიცკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სფეროში მომუშავე ჩეხური კომპანიები მსოფლიო ბაზარზე საკმაო წარმატებით არიან წარმოდგენილი და მან საქართველოსთან სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის იმედიც გამოთქვა.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხუთშაბათს დაიწყო. მან შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან ლევან იზორიასთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

გარდა ამისა, სტროპნიცკიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლის გახსნის ცერემონიაში.

საქართველომ და ჩეხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0