თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ვიდეოჰოსტინგი YouTube მუსიკალური ნაწარმოების ავტორებს, რომლებიც ვებ-გვერდზე ვიდეორგოლს განათავსებენ, ჰონორარებს გადაუხდის, კომპანიასთან შესაბამისი შეთანხმება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ (GCA) გააფორმა.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულება საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში საზოგადოებრივ შეგნებას აამაღლებს და გააუმჯობესებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, როგორც ქვეყნის, სადაც ინტელექტუალური საკუთრება დაცულია.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ავტორი, რომელთა აუდიონაწარმოების მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე აიტვირთება, YouTube-სგან კონკრეტულ ჰონორარს მიიღებს, რომელიც ჩვენი ასოციაციის მეშვეობით გადაეცემა", — განაცხადა კობალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ჰონორარი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხშირად აქვეყნებს ავტორი ახალ ვიდეოჩანაწერებს და ასევე ნახვების რაოდენობაზე, აღნიშნა მან.
„ამ შეთანხმების საფუძველზე YouTube-მა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ყოველი თვის ბოლოს გამოგზავნის ანგარიშს და დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს იმაზე, რომელი ავტორის რომელი ნაწარმოები აიტვირთა და რამდენი ნახვა ჰქონდა. სწორედ ამ საფუძველზე ყოველთვიურად განაწილდება ჰონორარები", — განაცხადა კობალაძემ.
მოლაპარაკებები YouTube-თან გასული წლიდან დაიწყო, დოკუმენტის ხელმოწერა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა, აღნიშნა GCA-ს ხელმძღვანელმა.
„დასავლეთ ევროპაშიც კი არის ქვეყნები, სადაც YouTube არ არის ლიცენზირებული. საქართველო — პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს შეძლო და გააკეთა. ასეთი ლიცენზია მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას აქვთ… აქ არ არის საუბარი დიდ ჰონორარზე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ ავტორი მიიღებს მატერიალურ სარგებელს და თანაც ამ წყაროსგან, ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა კობალაძემ.
ფინანსური მოგების გარდა მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს მსოფლიო ცნობადობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, დარწმუნებულია ის.
„მათ ჰყავთ სპეციალური ჯგუფი, რომელიც YouTube-ის მეშვეობით ახალ არტისტებს ეძებს. როდესაც YouTube ქვეყანაში ლიცენზიას ფლობს, ეს ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი აკვირდება არტისტების შემოქმედებას, რომელიც ამ ქვეყნიდან აიტვირთა. ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც არტისტი ამ გზით იპოვეს და მას სხვადასხვა შეთავაზებებით მიმართეს", — განაცხადა GCA-ს ხელმძღვანელმა.
2016 წლის მონაცემებით, YouTube ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგი გახდა და მსოფლიოში მესამეა მნახველთა რაოდენობით.