თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, უახლოეს პერიოდში ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ.
მისი თქმით, მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე საპატრიარქოსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ტაძარი აიგება "მაკდონალდსის" შენობის უკან, რომელიც ამჟამად შენდება. ეს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ მრავალდონიან ტერასას, სადაც ტაძარი მთავარ ადგილს დაიკავებს", — განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ახალი ტაძრის აგების იდეა ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.
როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, ქუთაისის ცენტრში ჯერჯერობით არცერთი ტაძარი არ დგას და მისი აგებით ქალაქის იერ-სახე მნიშვნელოვნად შეიცვლება და გაცილებით ლამაზი გახდება.