ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 2016 წლის ოქტომბერში მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის გორის მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ხვდებოდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ალექსანდრე ინდუაშვილს, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლა, 17 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2016 წლის ოქტომბერში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოქრუაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში გორის მოსახლეობასთან შეხვედრას ატარებდა. ინდუაშვილი შეკრებილებს მიუახლოვდა და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან ოქრუაშვილის, მისი პირადი დაცვის წევრისა და ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მისამართით სროლა დაიწყო.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი საქართველოს შს მინისტრის ექს-მოადგილის საქმის გამოძიებას თვალს ადევნებს

სროლის შედეგად დაიჭრა ოქრუაშვილის პირადი დაცვის წევრი და ადგილობრივი მცხოვრები. თავად ყოფილი მინისტრი არ დაშავებულა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ინდუაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.

მოგვიანებით დადგინდა, რომ ინდუაშვილი წარსულში უკვე იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარებისა და ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებისთვის.

გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას).

სასამართლომ ინდუაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0