თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის საქმის გამოძიებას აკვირდება, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
ინციდენტი ორშაბათს დილით მოხდა. ხვედელიძე თამბაქოს საყიდლად მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც მას უკნიდან ორი ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და რამდენჯერმე დააარტყეს. მას სახეზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც გაზეთ „ქრონიკა+“-ის სკანდალურად ცნობილი რედაქტორი ელისო კოლაძე ამტკიცებს, ხვედელიძე მასთან მეგობრობის გამო დაზარალდა.
„ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ახლა ვერანაირ ვერსიასა და ვარაუდზე, თუმცა, ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას და ყველა პროცესს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარდება“, — განაცხადა მიშველაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილ ჩინოვნიკზე თავდასხმის ეს უკვე პირველი ფაქტი არ არის.
„მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ძალიან საზარელი ფაქტის გამო, როდესაც ადამიანს თავს ესხმიან, თანაც ეს ყველაფერი მისი მეუღლის თანდასწრებით ხდება. სამწუხაროა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და როგორც ახლო, ასევე შორეულ წარსულში მსგავსი შემთხვევები თქვენც გახსენდებათ“,- განაცხადა მიშველაძემ.
ბოლო წლის განმავლობაში თავდასხმები მოხდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრზე, ოპოზიციონერ ალექსი პეტრიაშვილზე და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე. გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეზე გივი თარგამაძეზე და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ირაკლი ოქრუაშვილზე.
პერტიაშვილისა და გვარამიას შემთხვევაში თავდამსხმელები დააკავეს და გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმის მიზეზი მათ ოპოზიციურ საქმიანობას არ უკავშირდება. თარგამაძის მანქანის ამფეთქებელს ახლაც ეძებენ, ხოლო პირი, რომელმაც ოქრუაშვილის მისამართით გაისროლა, პოლიციას თავად ჩაბარდა.