თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ორშაბათ დილით თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილს გელა ხვედელიძეს, იუწყება ტელეკომპაია „Rustavi2“.
როგორც ტელეკომპანიას გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განუცხადა, გელა ხვედელიძეს საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ თავს, როდესაც ის მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდიოდა.
კილაძის თქმით, ხვედელიძე დაისაჯა მასთან მეგობრობის გამო და რომ ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შურისძიება მასზე.
„ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა და არანაირი ყაჩაღობის მიზნით. იმიტომ, რომ ჩვენ წუხელ ღამით მივიღეთ ინფორმაცია ამის თაობაზე. გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და იმ მასალების გამო, რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი. საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ. ბიოს დაკრიშვას გოგაშვილის მიერ“, განაცხადა კილაძემ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში.
მისივე განცხადებით, ხვედელიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა. დაზარალებულს მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული სახის არეში, რის შედეგადაც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ იგი ფიზიკურად გაანადგურონ.
ამ დროისთვის გელა ხვედელიძის საცხოვრებელ სახლთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.