თბილისი, 14 მარტი — Sputnik. გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, გახმაურებულ საქმეებზე სკანდალური განცხადებებით ცნობილი ელისო კილაძის ვაჟი დავით ხარშილაძე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო ერთი ადამიანის დაკავების ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ სახელი არ დაუზუსტებიათ. დავით ხარშილაძის დაკავების დეტალებზე ელისო კილაძემ ისაუბრა.
„თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ტაქსის ტრაფარეტით მანქანა დააჯახეს, რის შემდეგაც ის უგონოდ იმყოფებოდა და განძრევის საშუალება არ მისცეს. მისთვის ასევე არ მიუციათ წინადადება, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა, რა ნივთები ჰქონდა ჯიბეში. არც ერთი მისი ნივთი ამ დროისთვის დალუქული არ არის. მას ორი პაკეტი ჩაუდეს. ჯერ არ არსებობს არც წინასწარი ინფორმაცია და არც დასკვნა, რომ ეს ნამდვილად ნარკოტიკია“, — განაცხადა კილაძემ ტელეკომპანიის Rustavi 2-ის ეთერში.
შვილის დაკავებას კილაძე მის პროფესიულ საქმიანობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან იოსებ გოგაშვილთან დაპირისპირებას უკავშირებს.
„თუ გარიგება ეხება იმას, რომ მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ან შევწყვიტო, ან რაიმე ტიპის ზემოქმედება მოახდინონ, ჩემი პასუხი იქნება — არა“, — განაცხადა კილაძემ.
დაკავებულის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე ამტკიცებს, რომ კილაძის შვილის წინააღმდეგ პოლიციამ ძალადობა გამოიყენა.
„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით ხარშილაძე აცხადებს, მას არ ჰქონია ნარკოტიკები. მან ასევე განაცხადა, რომ მის მიმართა ძალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიყენეს. ასევე დაირღვა ბრალდებულის მოთხოვნა, რომ საგამოძიებო ღონისძიებებს ადვოკატი დასწრებოდა. ბრალდებული ნარკოტიკებზე ორჯერ შეამოწმეს“, — განაცხადა ჩუბინიძემ.
ელისო კილაძე მოქმედი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა. ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა როგორც საპატრიარქოს სკანდალთან, ისე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. მისი გაზეთის ფურცლებზე ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეებზე პერიოდულად იბეჭდება სკანდალური სტატიები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელთა დასახელებაზეც კილაძე უარს აცხადებს.