თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გაზეთის „ქრონიკა+“ რედაქტორი ელისო კილაძე ირწმუნება, რომ პარტიის „სახელმწიფო – ხალხისათვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ქურდულ სამყაროსთანაა კავშირში.
კილაძის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძე „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა. გაზეთის რედაქტორმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც ნათლობის ცერემონიას ასახავს და აცხადებს, რომ პროკურატურა ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს.
„რამდენიმე კითხვა მაქვს: პირველი – პაატა ბურჭულაძე სახელმწიფოს ხალხისთვის გვპირდება, თუ ქურდებისთვის?.. გამარჯვების შემთხვევაში ვინ მაძლევს იმის გარანტიას, რომ რეალური მმართველი ტარიელ ონიანი არ იქნება, გიორგი ვაშაძე?“ — კითხულობს ელისო კილაძე.
პაატა ბურჭულაძე, რომელიც არ უარყოფს ონიანთან ნაცნობობასა და შვილის მონათვლის ფაქტს, კილაძის ბრალდებებს გამოეხმაურა:
„ძალიან მეამაყება ეს ახალგაზრდა… რომელიც დღეს ლონდონში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსისტი და, საერთოდ, რაზეა საუბარი? მე ვნათლავ ყველას… ნათლობაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებს ადამიანი“, — განაცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბურჭულაძის თანამებრძოლებმა კილაძის ბრალდებებს შავი პიარი უწოდეს.
„ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარის ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იმართება ხოლმე. საერთოდ, არასერიოზული მგონია, 20 წლის წინ ვინ ვინ მონათლა, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება“, — განაცხადა პარტია „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
გასულ კვირას პაატა ბურჭულაძე სამ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანდა ბლოკში, საიდანაც ორი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან შედგება.