თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ კომპანია „ხელოსნების ქალაქის“ ბაზაზე, ახალი ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სწავლის პარალელურად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.
ახალ ტრენინგ-ცენტრში საპილოტო რეჟიმში განხორციელდება დუალური განათლების პროგრამა, რომელიც სწავლის სამსახურთან შეთავსებას ითვალისწინებს. ეს ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა „დურგლის“, „ხის მხატვრული დამუშავების“ და „ავეჯის კონსტრუირების“ მიმართულება.
ცენტრი მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც „სპექტრსა“ და „ხელოსნების ქალაქს“ შორის გაფორმდა. ის კადრების გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებს.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის დუალური განათლების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ განაცხადეს.
„მიგვაჩნია, რომ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების ეტაპზევე სტუდენტის ჩართულობას რეალურ სამუშაო გარემოში. ეს ძალიან კარგია როგორც სტუდენტისთვის, ისე დამსაქმებლისთვის, რადგანაც შესაძლებლობას იძლევა გაიცნონ ერთმანეთი განათლების პროცესში, შეაფასონ შესაძლებლობები და იფიქრონ მომავალ შრომით ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე“, — განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა.
გასულ წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლო და პროფესიულ დაწესებულებებში განათლების გერმანული მოდელის დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა.
გერმანული მოდელის ძირითადი პრინციპი — დუალური განათლებაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ სტუდენტს უნდა ჰქონდეს დრო საიმისოდ, რათა სწავლასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთოს. აგრარული და საინჟინრო სექტორი, IT-ტექნოლოგიები — ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც სახელმწიფო მეტ ყურადღებას დაუთმობს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას.