აღნიშნული პროექტის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ სტარტაპის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თეორიული ფიზიკის კათედრის პროფესორმა, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე ტუღუშმა უამბო. სტარტაპის ავტორებია — მამა-შვილი ალექსანდრე და ილია ტუღუში.
დღევანდელი გამოწვევები
abiturienti.ge — ვებ-გვერდია, რომლის საშუალებით აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მომზადება შეუძლიათ. სტარტაპის არსი — სხვადასხვა საგნებში ვიდეო-გაკვეთილების ბაზის შექმნაა.
„ჩვენ საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ვითარება მხედველობაში მივიღეთ. დღეს საშუალო სკოლის მიერ მომზადების დონესა და მისაღებ გამოცდებზე განათლების მოთხოვნის დონეს შორის სერიოზული სხვაობა არსებობს“, — განაცხადა ტუღუშმა.
ეს სხვაობა არ ქრება თავისთავად. აბიტურიენტებს ალტერნატიული გზების მოძებნა უწევთ: მომზადების დონის ასამაღლებლად და უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად დადიან კერძო რეპეტიტორებთან ან სპეციალურ კურსებზე.
რეპეტიტორის და კურსების მოძიებით, ჩვეულებრივ, მშობლები არიან დაკავებული. აქ ისინი ორ პრობლემას აწყდებიან. თუ გარკვეულ სფეროში სპეციალისტი არ ხარ, რთულია გაიგო, რამდენად კვალიფიციურია პედაგოგი ან კერძო რეპეტიტორი და რამდენად კარგად მოამზადებს ის აბიტურიენტს გამოცდებისთვის.
მეორე საკითხია ფინანსები. ერთი საგნის სრული კურსი დაახლოებით 1500-2000 ლარი ჯდება. საგანი კი მინიმუმ სამია: ქართული ენა, ზოგადი უნარები და მაპროფილებელი საგანი.
ქართული სტარტაპი
ქართული სტარტაპი ამ კუთხით არსებული სიცარიელის შევსებას აპირებს და იყენებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც ონლაინ-სწავლა დანერგეს. ოქტომბრიდან Abiturienti.ge-ზე ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის, მათემატიკის და ზოგადი უნარების ვიდეო-ფორმატის კურსები.
„ჩვენთან თანამშრომლობაზე დათანხმდნენ ამ საგნების წამყვანი სპეციალისტები, სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები. მათ შორის არიან მათემატიკოსი, პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე, თსუ-ს უფროსი პედაგოგი ლამარა ქურჩიშვილი, მათემატიკაში 70 ნაშრომის ავტორი არკადი ქურჩიშვილი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ია მებონია, ქართული ენის პედაგოგი სალომე უსტარაშვილი. მათ ინტერნეტ-კურსი შექმნეს, რომელიც საშუალოდ, 100 გაკვეთილზეა გათვლილი“, — აცხადებს ალექსანდრე ტუღუში.
თითოეულ ვიდეო-გაკვეთილს ისინი ტრადიციული მეთოდით, დაფასთან ახსნიან. გაკვეთილი ოთხ ნაწილად იყოფა: თეორიული ნაწილი — კონსპექტი. თითოეული გაკვეთილის ბოლოს შემაჯამებელი ტესტირება ჩატარდება.
შემდეგ მოდის ვიდეო-გაკვეთილი, სადაც პედაგოგი ახალ მასალას ხსნის და ტიპიურ მაგალითებს არჩევს. გაკვეთილები საშინაო დავალებასაც გულისხმობს, რომლის პასუხები და ამოხსნა მომდევნო გაკვეთილში იქნება წარმოდგენილი. პედაგოგი საშინაო დავალების რთულ მომენტებს ახსნის და გასული გაკვეთილის ძირითად თეზისებს შეახსენებს.
თითოეული საგნის კურსის ღირებულებაა 80 ლარი.
„საკმაოდ მისაღები ფასია, აბიტურიენტისთვის 240 ლარად ხელმისაწვდომი გახდება ექსტრა-კლასის პედაგოგების გაკვეთილები. რა თქმა უნდა, ინტერნეტით სწავლება თვითდისციპლინას მოითხოვს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ პედაგოგი მხოლოდ გეხმარებათ, თქვენს ნაცვლად ის ვერ ისწავლის“, — განაცხადა ტუღუშმა.