დეკანოზ მამალაძის ძმა: მამა დავითი პატრიარქთან მძიმე თემებზე საუბარს მაწყვეტინებდა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიჩნევს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმე საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება, განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ მის უწმინდესობასთან შეხვედრის შემდეგ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. მამალაძის ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა პატრიარქთან შეხვედრას.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ახალი უფროსი დაინიშნა

"პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ", — განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

გიორგი მამალაძის ძმის თქმით, მამა დავითი (ჯინჭარაული), რომელიც პატრიარქთან ერთ სენაკში ცხოვრობს, არაერთხელ შეეცადა შეეწყვიტა მათი საუბარი.

"მამა დავით ჯინჭარაული ცდილობდა საუბარი შეგვეწყვიტა და "ჩაეკვეხებინა" თავისი კითხვები. უკან არწივივით მედგა და ხელს მადებდა მარცხენა მხარეს და ოდნავ მიჭერდა კიდეც, როდესაც მე მძიმე თემებს ვეხებოდი და ცდილობდა ჩემი საუბარი გაეწყვიტა. ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება", — აღნიშნა დაკავებული დეკანოზის ძმამ.

მამალაძის საქმე სასამართლოში განიხილება, თუმცა მოსმენები დახურულია.

მამალაძეს წაყენებული აქვს ბრალდება მუხლით "განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით ან შეკვეთით", რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0