თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისში 23 ივნისს ჩატარდება საღამო, რომელიც ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, გამოჩენილ საოპერო ბანს ფილიმონ ქორიძეს მიეძღვნება.
ამ დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
სცენაზე წარდგებიან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები, კონსერვატორიის სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებული ბანები, ასევე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი (სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით).
საღამოს პროგრამაშია ქართველი, რუსი და დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე. საღამოს წამყვანია კონსერვატორიის საპატიო პროფესორი ელდარ გეწაძე.
ფილიმონ ქორიძე (ფსევდონიმი — კორიჯიო) დაიბადა 1829 წელს. 1860-იან წლებში მილანში პედაგოგ ფელიჩე რონკონისთან სწავლობდა. მღეროდა იტალიის სხვადასხვა ქალაქში, სამხრეთ ამერიკაში, 1872 წელს — "ლა სკალაში", 1873 წელს — სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრში. 1874-1881 წელს იტალიაში გასტროლებზე იმყოფებოდა.
1881 წლიდან ფილიმონ ქორიძე თბილისის საოპერო თეატრის არტისტია. შესრულებული პარტიები: სუსანინი ("ივან სუსანინი"), რუსლანი (გლინკას "რუსლან და ლუდმილა"), "დემონი" (რუბინშტეინის "დემონი"), დონ ბაზილიო (როსინის "სევილიელი დალაქი") და სხვ.
ფილიმონ ქორიძე იწერდა სახალხო სიმღერებსა და საგალობლებს, ხელმძღვანელობდა გუნდს, 1895 წლიდან 1904 წლამდე გამოსცა საგალობლების ოთხი კრებული. არის საფორტეპიანო პიესების, სანოტო სახელმძღვანელოს ავტორი.
ფილიმონ ქორიძე 1911 წელს გარდაიცვალა. 2011 წელს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქორიძე შერაცხა წმინდანთა დასში წოდებით – წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.
საღამოს ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანია საქართველოს საზოგადოებისთვის ფილიმონ ქორიძის არა მარტო როგორც წმინდანის, არამედ როგორც პირველი ქართველი პროფესიონალი ბანის გაცნობა.